ლია მუხაშავრია – “პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა დაშალოს”

იურისტი, ადამიანის უფლებათა დამცველი ლია მუხაშავრია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში სასამართლო სისტემაზე და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილებებზე საუბრობს.
– ქალბატონო ლია,  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ინიციატივით გამოვიდა, რომ სასამართლოების თავმჯდომარეები თავად მოსამართლეების მიერ წილისყრით სამწლიანი ვადით იქნან არჩეულები. სხდომაზე ეს ინიციატივა ჩავარდა. ელოდით, რომ დოლიძის ეს შეთავაზება ჩარდებოდა?
– რა თქმა უნდა! მე ველოდი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა ჩვარდებოდა და მას საბჭო აუცილებლად ჩააგდებდა.
– საბჭოს წევრების არგუმენტი იყო, რომ მსგავსი პრაქტიკა სხვა ქვეყნებში არ არსებობს.
– როგორ არ არსებობს და ამის მაგალითის მოყვანაც შემიძლია. ძალიან ბევრ ქვეყანაში არის არჩევის წესი დამკვიდრებული. პოლონეთში მოსამართლეები თავად ირჩევენ სასამართლოს თავმჯდომარეს. სასამართლო კოლეგიური ორგანოა და თავად უკეთ იციან, ვინ ურჩევნიათ, რომ იყოს ხელმძღვანელი, ვიდრე იუსტიციის საბჭომ გადაწყვიტოს, ვინ იქნება. ამ ინიციატივით, პირველ რიგში, ხდება იუსტიციის საბჭოს დომინანტური ფუნქციის შემცირება, როდესაც მას არ ექნება უფლება, რომ სასამართლოს თავმჯდომარე გაამწესოს.
– ანა დოლიძემ თქვა, შავი ვოლგის იმიჯი უნდა ჩამოვაცილოთ თავმჯდომარეებსო.
– რასაკვირველია, ეს კარგი იქნებოდა, მაგრამ მე ვიცოდი, რომ ამ მისიას იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ დათმობდა. სასამართლოს და თავად მოსამართლეს ევროპის ბევრ ქვეყანაში ბევრი სუვერენული უფლება აქვს, მაგალითად, როგორ განკარგონ ბაჟი. ეს დამოუკიდებლობა განსაზღვრავს შემდგომ ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობას, ასევე მათ დამოუკიდებლობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან. ამიტომ არის, რომ იუსტიციის საბჭოს არ უნდა, ხელიდან ეს ბერკეტები გაუშვას.
დღეს სასამართლოს თავმჯდომარეებს აქვთ გარკვეული უპირატესობები. მათ აქვთ გარკვეული მექანიზმები თუნდაც მოსამართლეების მიმართ. როდესაც ის თავად მოსამართლის მიერ იქნება არჩეული, ეს უპირატესობა აღარ ექნება.
– კიდევ ერთი ინიციატივა ჰქონდა ანა დოლიძეს: სანამ ჩვენ უვადოდ დავნიშნავთ მოსამართლეებს, მანამდე ევროსასამრთლოს გადაწყვეტილებები უნდა გავითვალისწინოთ. როგორც ცნობილია 60-ზე მეტი საქმე არის სტრასბურში წასული, მათ შორის ცხდია გახმაურებული საქმეები.
უვადოდ რატომ ინიშნებიან ის მოსამართლეები, რომლებსაც მცდარი გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული?
– ევროსასამართლო ადგენს, რომ პირის მიმართ დარღვევას ჰქონდა ადგილი. იმ დარღვევაში მე და თქვენ ნამდვილად არ ვმონაწილეობდით. დარღვევაში მონაწილეობდნენ ის საჯარო მოხელეები, რომლებიც სახელმწიფოს სახელით ახორციელებდნენ საჯარო ფუნქციას, მაგრამ ამას არაჯეროვნად და ხშირ შემთხვევაში დანაშაულებრივად ახორციელებდნენ. სტრასბურის სასამართლოში ისე ვერ წახვალთ, თუ ქვეყანაში სამივე ინსტანციის სასამართლო არ იქნება ამოწურული. და თუ სამივე ინსტანციის სასამართლოში არ აღმოჩნდა არც ერთი მოსამართლე, რომელმაც მოქალაქეს დარღვეული უფლება აღუდგინა, რომლის გამოც სტრასბურის სასამართლომ დაადგინა ევროკონვენციის დარღვევა, ცხადია, ასეთ მოსამართლეს არ ეკუთვნის უვადოდ გამწესება.
მეტიც, მე მაქვს იდეა, რომ ასეთი მოსამართლეები, რომელთა განხილული საქმეებიც წავიდა ევროპის სასამართლოში და იქ დადგინდა, რომ პირის მიმართ დარღვევას ჰქონდა ადგილი, საერთოდ უნდა ჩამოცილდნენ სასამართლო სისტემას და სამოსამართლეო პრაქტიკას, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები უზარმაზარ კომპენსაციას ვიხდით სწორედ იმის გამო, რომ სახელმწიფო გამტყუნდა ევროსასამართლოში ასეთი მოსამართლეების წყალობით.
– სასამართლო სისტემის რეფორმის ფარგლებში ნაბიჯები უფრო წინ გადაიდგა თუ ეს იყო უკუსვლა?
– რეფორმა სასამართლო სისტემაში პროგრესის საწინდარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ იმის გამო, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩეულ იქნა ის შემადგენლობა, რომელიც მართავს პროცესებს, რასაკვირველია, რეალურად რეფორმის მოწინააღმდეგე აღმოჩნდა. ეს შემადგენლობა ცდილობს, თავის თავში მოახდინოს მთელი სასამართლო სისტემის კონცენტრაცია. ეს ყველაფერი შეთქმულების წესით ხორციელდება იმ მოსამართლეების სასრგებლოდ, რომლებიც მათ კლანურ ინტერესებში და მათ კლანურ გარიგებებში არიან. ამდენად, გარკვეული რეფორმატორული ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ საბოლოოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩამოყალიბდა ისეთ ორგანოდ, რომელიც რეფორმას კი არ უწყობს ხელს, არამედ ხელს უშლის.
ამიტომ, ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირებს მოვუწოდებ, რომ კარგად დაფიქრდნენ იმ მდგომარეობაზე, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოშია შექმნილი. ხელისუფლებამ უნდა იფიქროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელახალ ფორმირებაზე, ისე, რომ არსებული მწარე გამოცდილება სწორად გამოიყენოს და საბჭო რეფორმების გამტარებლად იქცეს და არა პირიქით.
– პარლამენტმა ეს საბჭო უნდა დაშალოს?
– დიახ, ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა დაიშალოს. ეს ნაბიჯი პარლამენტმა აუცილებლად უნდა გადადგას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უკმაყოფილება, რომელიც არსებობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მიმართ, მთლიანად სასამართლო სისტემის მიმართ, პარლამენტს და აღმასრულებელ ხელისუფლებას ბუმერანგივით დაუბრუნდება.
ამ შემთხვევაში უკვე საქმე იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან კი არ იქნება, არამედ უშუალოდ პოლიტიკურ ხელისუფლებასთან. ამიტომ, მათთვისვე უმჯობესია, რომ ამ პროცესებში დროულად ჩაერიონ და ქმედითი ნაბიჯები გადადგან.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა

banner
წინა სტატიაშიილია მეორე კემეროვოს ხანძრის გამო რუსეთის პრეზიდენტს და პატრიარქს უსამძიმრებს
შემდეგი სტატიადაურ კოვე: განცხადების ტექსტი ამერიკელებმა წარადგინეს