ლია ჯალაღონია-შარტავა: გასვლის წინ მითხრა: “ჩემი საბუთები და სურათები დიპლომატშია, თუ რაიმე მოხდა, ღირსეულად მიტირეთ”

ქალბატონი ლია ჯალაღონია-შარტავა წლების შემდეგ იმ დღეს გაიხსენებს, როდესაც მეუღლეს უკანასკნელად დაემშვიდობა:

დილის 5 საათი იყო. ყურმილი ავიღე. სოხუმიდან რეკავდნენ. ტელეფონთან ჟიულის სთხოვდნენ.
ყურმილი გადავეცი, თან ჟიულის შევცქეროდი… ის თანდათან გაფითრდა, სუნთქვა გაუხშირდა და მიუხედავად ამისა, მაინც საოცარი სიმშვიდით იძლეოდა პასუხებს, განკარგულებებს.

შემდეგ მომიბრუნდა და მითხრა, – ლია, მგონი ისევ დაიწყო ომი აფხაზეთშიო. სასწრაფოდ ჩაიცვა და წავიდა სახელმწიფო მეთაურთან შესახვედრად, დღის სამის ნახევარზე დაბრუნდა. 3 საათზე სოხუმში უნდა გაფრენილიყო. მის სამუშაო ოთახში შევედი, უცებ მომიბრუნდა და მითხრა: “ლია, ცხოვრებაში ჩვენ ბევრი გაჭირვება გამოვცადეთ და ახლა ესეც უნდა ვნახოთ”. უკვე ვიცოდი, რომ სოხუმი იბომბებოდა. ოთახიდან გავედით. კართან ერთმანეთს დავემშვიდობეთ.

გასვლის წინ მითხრა: “ჩემი საბუთები და სურათები დიპლომატშია, თუ რაიმე მოხდა, ღირსეულად მიტირეთ”.
ჟიული შარტავა მოახლოებულ აღსასრულს არა მარტო გრძნობდა, არამედ როგორც მწერალი ჯემალ აჯიაშვილი (ბატონი ჟიულის თანაკლასელი) იტყვის: “ამ ნაბიჯისთვის იგი მთელი თავისი ცხოვრება ემზადებოდა. არ შეიძლება ცხოვრების წესი, ჩვეულებები, ხასიათი, შეწირვისთვის მზადყოფნა ერთ დღეში დაიბადოს და ჩამოყალიბდეს.“
საბედისწერო ნაბიჯი იყო? ამას ვერ ვიტყვი. ჟიული თავისი არსით, ცხოვრებით ერის დიდებულ წარსულს იყო შეძერწილი და მოიქცა ისე, როგორც მის ძირსა და გენს ეკადრებოდა. ამ გზისაკენ დიდი წვალებით, შრომით, ტრაგიზმით მიდიოდა”.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. დაიღუპა 1993 წლის 27 სექტემბერს,სოხუმში.

1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავამ არ დატოვა ქალქი. ქალაქში შეჭრილმა აფხაზმა სეპარატისტებმა იგი ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს. ომის დასრულების შემდეგ მისი ცხედარი ქართველ მხარეს გადმოეცა. დაკრძალულია სენაკში. იმავე პერიოდში მიენიჭა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი. 2004 წელს ჟიული შარტავას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

banner
წინა სტატიაშიროგორც ოთარ ჭილაძე იტყოდა: „მე დაკარგულად არ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია“-მე აფხაზეთი ჩემი ნებით არ დამითმია
შემდეგი სტატიათიბისის კამპუსი –  ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა