ლია გიგაური კომიტეტის სხდომაზე – მითხრათ, რაში ჩანს, რომ ბავშვებს ჰომოსექსუალიზმს ვასწავლით?

გთხოვთ მითხრათ, რომელი თემა ან კითხვა აჩენს ეჭვს, რომ მესამე და მეოთხე კლასის ბავშვებს ჰომოსექსუალიზმი უნდა ვასწავლოთ – იქნებ კონკრეტულად გვითხრათ, სად ჩანს ასეთი ეჭვის საფუძველი?! – აღნიშნული კითხვით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე, საგნის “მე და საზოგადოება” მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს მიმართა.
პასუხად სხდომაში მონაწილე ჯონდი ბაღათურიამ განახადა, რომ ეს საგნის შემოღების მიზნებში წერია, სადაც აღნიშნულია ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის შესახებ.

“სხვა რა არის თქვენთვის ტოლერანტობა და შემწყნარებლობა?!”, – მიმართა ბაღათურიამ ლია გიგაურს.

გიგაურმა განმარტა ისიც, რომ დოკუმენტში წერია კულტურული მრავალფეროვნების გააზრების და დაფასების შესახებ, ხოლო ის თუ, ვინ არიან ოჯახის წევრები, წერია – დედა, მამა, და, ძმა, ბებია, ბაბუა.

ამასთან, განათლების მინისტრის მოადგილის მისამართით დასმულ კითხვაზე, თუ რას ნიშნავს და რა იგულისხმება განსხვავებული კულტურის, ეროვნებისა და შესაძლებლობების მქონე ადამიანებში, გიგაურმა განმარტა, რომ განსახავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებად, განათლების სფეროში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები აღიქმებიან.

“ესენი არიან ფიზიკურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მენტალური თუ სხვა ტიპის პრობლემის მქონე პირები, რომლებიც დღეს ინკლუზიური განათლების ფარგლებში არიან ინტეგრირებული სკოლებში. შესაბამისად, მათ მიმართ ყოველ მოსწავლეს მზრუნველი და შემწყნარებლური დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს”, – განაცხადა ლია გიგაურმა.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს არ სურს, ძვირი ირანული გაზის შესყიდვა“
შემდეგი სტატიაპანკისის ხეობაში საკონტრაქტო სამსახურში გაწვევა დასრულდა