,,ლევილი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი მსოფლიო მასშტაბით”

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ლევილი იქნება ქართული კულტურის კერა საფრანგეთში და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი მსოფლიო მასშტაბით.

როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, სიმბოლურია, რომ საფრანგეთში, ლევილის მამულის საქართველოს სახელმწიფოსთვის გადმოცემის თაობაზე დოკუმენტს ხელი გუშინ მოეწერა.

„ეს არის განზრახულობათა ოქმი, რომელიც სავარაუდოდ, შემოდგომისთვის დაგვირგვინდება იმ დოკუმენტის სახით, რომ ეს მამული გადმოეცემა საქართველოს სახელმწიფოს. მოგეხსენებათ, რომ პირველი რესპუბლიკის ხელმძღვანელთა შთამომავლებმა მოაწერეს ხელი და მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პირველ რიგში, სწორედ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ცხოვრობენ საფრანგეთში და რომლებმაც გამოხატეს კეთილი ნება“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მან, ასევე, გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მინისტრს დიასპორის საკითხებში და იუსტიციის მინისტრს.

„ნამდვილად სასიხარულოა და გილოცავთ თითოეულ თქვენგანს. ეს იქნება ქართული კულტურის კერა საფრანგეთში და სახელმწიფო იზრუნებს ამ კულტურის კერის განვითარებისთვის და ვფიქრობ, რომ ეს გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი არამხოლოდ საფრანგეთის, არამედ მსოფლიო მასშტაბით“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშსს რობი ვილიამსის კონცერტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია,,გუშინდელი დღე იყო საერთო სახალხო დღესასწაული და არ ყოფილა დღესასწაული მხოლოდ მთავრობისთვის”