„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის დედა, მარინა კოტრიკაძე „TV პირველის“ ეთერში შვილის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესებსა და ხელისუფლების მხრიდან „პირად შურისძიებაზე“ საუბრობს. კოტრიკაძე ეხმაურება ბრალდებებს იმის შესახებ, თითქოს მისი შვილი „მოღალატეა“ და აღნიშნავს, რომ ხაბეიშვილი ყოველთვის კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებდა.
„რატომაა ლევან ხაბეიშვილი მოღალატე? მას შეეძლო ნებისმიერ ქვეყანაში წასულიყო, პოლიტიკური თავშესაფარი მოეთხოვა და იქ ყოფილიყო. ლევანი კონსტიტუციის ფარგლებში მშვიდობიან დამხობაზე როცა ლაპარაკობდა, გულისხმობდა იმას, რომ როცა რუსთაველზე 200-300 ათასი ადამიანი დადგებოდა, მთავრობას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, ჩაეტარებინა სამართლიანი არჩევნები.
ლევანის მიმართ პირადი შურისძიება და ზიზღი აქვთ მაღალჩინოსნებს, იმიტომ რომ ის მათ კორუფციაში ამხელდა. რომელი არ გამართლდა ლევანის გაშიფრული კორუფციული სქემა?! ამით სჯიან და ფიქრობენ, რომ გატყდება. ლევან ხაბეიშვილი არ გატყდება და არასდროს აღიარებს იმას, რაც არ ჩაუდენია“, — განაცხადა მარინა კოტრიკაძემ.
ლევან ხაბეიშვილის დედამ ქვეყანაში არსებულ შერჩევით სამართალზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის წევრებისთვის ყველაფერი დასაშვებია, ოპოზიციონერებს კი უმკაცრესად სჯიან: „რიმა ბერაძემ მანჯგალაძეს თავში ჩაარტყა ფურცლების დასტა, ახლა წარმოიდგინეთ, ეს რომ ანი წითლიძეს გაეკეთებინა… შერჩევითი სამართალი აქვთ, როგორც აწყობთ, ისე აკეთებენ“.
















