საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, „ჩენდლერის ინსტიტუტის“ (Chandler Institute of Governance) მიერ გამოქვეყნებული კვლევა ქვეყნის პროგრესს ადასტურებს. მისივე თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რათა მომავალ წლებში მმართველობის ხარისხი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ აღნიშნული კვლევა ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებს ეყრდნობა, მათ შორის გაერო-ს, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ანგარიშებს.
ჟორჟოლიანმა განსაკუთრებით გამოყო ის მთავარი პარამეტრები, რომლებშიც საქართველოს პოზიტიური დინამიკა აქვს: კეთილსინდისიერება და კორუფციასთან ბრძოლა; სასამართლო სისტემისა და ბიუროკრატიის ხარისხი; ბიზნესრეგულირების სტაბილურობა; უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.
„ბოლო წლების განმავლობაში ყველა მიმართულებით გვქონდა მნიშვნელოვანი შედეგები. მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ მიმართულებით მომავალ წლებში კიდევ უკეთესი მაჩვენებლები გვქონდეს“, — განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
















