ლევან ვასაძე ივანიშვილს და მთავრობას – გააკონტროლეთ მედია!

ბიზნესმენი ლევან ვასაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს და მთავრობას, მედიარეგულირების ინიციატივით მიმართავს. როგორც ვასაძე ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, სასწრაფოდ უნდა შეიქმნას მკაცრი რეგულირების მექანიზმები, რომლითაც მედიასაშუალებები და კონკრეტული ჟურნალისტები ცილისწამებისთვის და შეურაცხყოფისთვის უმკაცრესად დაისჯებიან.

„მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს და ჩვენს მთავრობას. უნდა შეიქმნას სასწრაფოდ რეგულატორი, რომელიც ცილისწამებისთვის, შეურაცხყოფისთვის, მათ შორის რელიგიური და ტრადიციული გრძნობების შეურაცხყოფისთვის უსასტიკესად დასჯის მედიასაშუალებებს და პერსონალურად იმ ჟურნალისტებს, ვინც ამას იკადრებენ. ვერანაირ ეკონომიკას და სტაბილურობას, ასეთი ფარღალალო, უპატრონო მედიაპოლიტიკის პირობებში ვერ შექმნით. აქედან წამოგითაქებენ და ლამის გადმოგიყირავებენ სახელმწიფოს ერთი ჩვეულებრივი მედია პროვოკაციის მეშვეობით და გაზარალებენ კიდევ სამ მილიარდს“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მისივე თქმით, მკაცრი მედიარეგულატორი უნდა დაკომპლექტდეს პრინციპული, ეროვნული, უმწიკლო ხალხით, რომელიც ქრთამს არ აიღებს და გააკონტროლებს ქართული ტელესივრცის მუშაობას.

„ბევრი არ დაჭირდება ამ ლაჩარი ხალხის პირობაზე – ერთს, ორს, სამს, ლიცენზიას ჩამოართმევ, ჯარიმას მიარჭობ, თუ საჭიროა ციხეში ჩასვამ და თქვენით ნახავთ, როგორ დალაგდება ეს ქვეყანა. გამოიბერტყეთ ყურები, გამოიფშვნიტეთ თვალები და გააკონტროლეთ უმკაცრესი სახით მედია, რომელიც დასახლებულია უსინდისო და უკუღმართი ადამიანებით. სხვანაირად ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება“, – განაცხადა ვასაძემ.

 

 

https://youtu.be/AqqUz7RhA0Y

banner
წინა სტატიაშივინც ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენებას აძლევს პოლიციელია
შემდეგი სტატიაოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა სოხუმის აეროპორტი როსტოვის საჰაერო ზონას მიაკუთვნა