ლევან ვარშალომიძე: ვაგრძელებთ ბრძოლას მეორე ტურში და ვიბრძვით გამარჯვებისთვის

ვაგრძელებთ ბრძოლას მეორე ტურში და ვიბრძვით გამარჯვებისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალურ მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები უმაღლესი საბჭოსა და პარლამენტის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებენ.

„არჩევნები აჭარაში გაყალბდა და უამრავი მტკიცებულებები წარმოგიდგინეთ, ვიდეოებიც, ოქმები და ჩანაწერები, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც ვაგრძელებთ ბრძოლას, რადგან ჩვენს უკან უამრავი ამომრჩეველია და ჩვენ ხმებს დავიცავთ ბოლომდე. როგორც იცით, 25 ათასამდე ბიულეტენი გაუქმდა აჭარაში და ეს ხელოვნურად მოხდა, ამის ვიდეო მტკიცებულება გვაქვს. ხვალ აუცილებლად შევიტანთ სარჩელს სასამართლოში და იქ გავაგრძელებთ სიმართლისთვის ბრძოლას, რადგან ოლქში ამ საკითხების განხილვა ცირკად გადაიქცა”, – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარტიის ოფისში 4 ვიდეოც წარმოადგინეს, რომელზეც, მათი მტკიცებით, ამომრჩევლის მარკირება არ ხდებოდა.

ლევან ვარშალომიძის განცხადებით, ბიულეტენების დათვლის დროს კომისიის წევრები აფუჭებდნენ 5 ნომრიან ბიულეტენებს.
აჭარაში მაჟორიტარული არჩევნები უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად 6 ოლქში ჩატარდება. პარლამენტში კი აჭარიდან 5 მაჟორიტარის გამოსავლენად გაიმართება მეორე ტური.

banner
წინა სტატიაშიკანადელ მეცნიერებს კონდიციონერების ნაცვლად თოვლის გამოყენების წინადადება აქვთ
შემდეგი სტატიასამხრეთ კორეა კიმ ჩენ ინის ლიკვიდაციისათვის სპეციალურ რაზმს ქმნის