ლევან ვარშალომიძე – ელგუჯა ბაგრატიონი დაბარებულია ოზურგეთის პოლიციაში, მას ბრალი უნდა წარუდგინონ თითიდან გამოწოვილი მიზეზით

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ელგუჯა ბაგრატიონის პოლიციაში დაბარების ფაქტს ლევან ვარშალომიძე გამოეხმაურა. საგანგებო ბრიფინგზე მან განცხადება ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გააკეთა.

„დღეს ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ დაამყარა დიქტატურა.

ნაცვლად იმისა, რომ პასუხისგებაში მისცემოდნენ გავრილოვის ღამის შემოქმედები, ბიძინა ივანიშვილმა სისხლის სამართლის საქმეები აღძრა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ და აპატიმრებს მათ.

დღეს, 12:00 საათზე, სისხლის სამართალის კოდექსის 187-ე მუხლით აღძრულ საქმეზე ბრალის წარდგენის მიზნით ოზურგეთის პოლიციაში დაბარებულია უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი, რომელსაც ბრალი უნდა წარუდგინონ თითიდან გამოწოვილი მიზეზით, თითქოს მან დააზიანა ბიძინა ივანიშვილის სათვალთვალო კამერა და ამით მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა მილიარდერ ოლიგარქს.

მსგავსი სისხლის სამართლის საქმეები წარმოებს მხოლოდ და მხოლოდ ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთში.

სინამდვილეში საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას კარგად ესმის, რომ ხელისუფლება აგონიაშია და იგი გამოსავალს ხედავს პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებებსა და სისხლის სამართლის საქმეების აღძვრაში.

ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება ოკუპაციას…

არავის ეშინია არც სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და არც დაპატიმრების.

მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილს: თუ კიდევ შერჩათ ადეკვატურობის ნიშან-წყალი, დაუყოვნებლივ ხელი აიღონ ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნაზე, თანამდებობიდან გადააყენონ სისხლიანი გახარია და პოლიტიკურ ოპონენტებთან დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, სადაც შევთავაზებთ ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გეგმას.

ეს გეგმა მდგომარეობს შემდეგში:

1. დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ 20-21 ივნისის აქციის გამო პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანები;

2. დაუყოვნებლივ გადავიდეს ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და მოწესრიგდეს საარჩევნო კანონმდებლობა, რაც საფუძველს მოგვცემს ქვეყანაში დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების ჩატარებისა;

3. ამის შემდგომ დაინიშნოს ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

წინააღმდეგ შემთხევაში, საფრთხე ემუქრება არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არამედ ამ ქვეყნის მომავალსა და მის დასავლურ კურსს, რასაც არ დაუშვებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა“, – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.

შეკვეთილში „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია დაახლოებით ერთი თვეა, მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომისას მოითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ოქრუაშვილი #9 პენიტენციურ დაწესებულებაში, ე.წ მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიათუშეთში მომხდარი ავარიის შედეგად სულ 5 ადამიანია გარდაცვლილი