ლევან უჯმაჯურიძე – ფაროსანას წინააღმდეგ ქიმიური საშუალებები ნელ-ნელა ბიოლოგიური მეთოდებით უნდა ჩავანაცვლოთ

უკეთესი იქნება თუ ბიოლოგიური მეთოდებით გავუწევთ ბრძოლას ფაროსანას, მაგრამ ქიმიური დაცვის საშუალებების გამოყენება ამ ეტაპზე გარდაუვალია, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აქტიურად მუშაობს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბიოლოგიური მეთოდების გამოყენებაზე.

ცენტრის დირექტორის განცხადებით, სწორედ ამ მიმართულებით შექმნილია ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც ცენტრის თანამშრომლებით, ისე სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემისიის აკადემიკოსებით, აგრარული უნივერსიტეტის პროფესორებით, ბიოლოგებითა და ეკოლოგებით.

ლევან უჯმაჯურიძის თქმით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი ამოცანა ნაკლები ქიმიური პრეპარატების გამოყენებაა.

„ფაროსანას წინააღმდეგ ქიმიური დაცვის საშუალებების გამოყენება ამ ეტაპზე გარდაუვალია, რადგან ის რაც ბიოლოგიურია, შესასწავლია და თუ ვინმემ მიიღო ამით შედეგი, ჩვენ მას აუცილებლად გამოვიყენებთ და გამოვცდით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქიმიური საშუალებები ნელ-ნელა, ბიოლოგიური მეთოდების გამოყენებით ჩავანაცვლოთ, გამოვავლინოთ ბიოლოგიური მტრები. ამაზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. ეს არის პოტენციური ბიოლოგიური აგენტების გამოვლენა. ასევე სამეცნიერო კვლევით ცენტრს რამდენიმე ბენეფიციარმა უკვე მოაწოდა პრეპარატები, რომელიც მათი თქმით, ბილოგიურია და მათივე ვარაუდით, ამ პრეპარატებს შეუძლია შეამციროს ფაროსანას რიცხოვნობა ან საერთოდ გაანადგუროს მავნებელი. მიუხედავად იმისა,რომ ამ პრეპარატების რაოდენობა და ჩამონათვალი შეიძლება იყოს ძალიან დიდი, კვლევითი ცენტრი, თავისი სამეცნიერო პოტენციალით შეეცდება, რომ მაქსიმალურად მოახდინოს ამ პრეპარატების, კვლევებზე დაფუძნებული გამოცდა. ეს მოხდება იმ დროს, როდესაც ფაროსანა იქნება აქტიური. ფაროსანა კი გააქტიურებას მარტის დასაწყისიდან იწყებს. ყველა ამ პრეპარატის გამოყენება მაშინ იქნება ვალიდური და არა – ეხლა“, – განაცხადა  სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ.

banner
წინა სტატიაშიიანვარში დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 43%-ით გაიზარდა
შემდეგი სტატიატაბახმელის ტყეში გარდაცვლილი სამხედრო იპოვეს