ლევან თარხნიშვილსა და მისი შტაბის წევრებს თავს დაესხნენ

ევროპული საქართველოს წევრს ლევან თარხნიშვილს თავს დაესხნენ. გორის მაჟორიტარობის კანდიდატს და მისი შტაბის წევრებს 10-მდე პირი ფიზიკურად გაუსწორდა.

თავდამსხმელები სავარაუდოდ ქართული ოცნების მხარდამჭერები არიან, მათ ჯერ თარხნიშვილის საარჩევნო პლაკატებს ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის პოსტერი გადააკრეს, შემდეგ კი პარტიის წევრებს თავს დაესხნენ.

ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე ევროპული საქართველოს ლიდერზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ქართული ოცნება ოპონენტებზე თავდასხმას, ძალადობრივ ჯგუფების მობილიზებით ცდილობს.

მისივე განცხადებით, ქართული ოცნების წინასაარჩევნო სახედ დაუსჯელობის სინდრომი იქცა, ამიტომ ისინი ისეთი ადამიანების ჩამოშორებას ცდილობენ, რომელთაც ხელისუფლების ცვლილება სურთ.

“ჩვეულებრივი სახეა ქართული ოცნების ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების მობილიზება, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ოპონენტებზე თავდასხმა.

სიმბოლო არჩევნების გახდა კორცხელი და კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირები არ დასჯილან. ადამიანების ცემა დმანისში, ბოლნისში, მარნეულში და არავინ არ დასჯილა მთელი ამ პერიოდის მანძილზე. ეს არის დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც იქცა ქართული ოცნების მთავარ წინასაარჩევნო სახედ იმიტომ, რომ ისინი ცდილობენ ჩამოიშორონ ადამიანები, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ 31 ოქტომბერს ხელისუფლება შეცვალონ”, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

ქართული ოცნების მმართველობის დროს წინასაარჩევნო პერიოდში რამდენიმე თავდასხმა მოხდა. კორცხელის ინციდენტის (2016 წლის 22 მაისი) დროს შუალედური არჩევნებისას, ერთმანეთს სპორტსმენები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დაუპირისპირდნენ. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა ნიკანორ მელია და სხვა პოლიტიკოსები სცემეს.

ინციდენტის შედეგად ექვსი ადამიანი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებსაც.

სექტემბრის ბოლოს რამდენიმე ინციდენტი მოხდა ბოლნისსა და მარნეულში. მათ შორის, ყველაზე მასშტაბური ძალადობა – 29 სექტემბერს. მარნეულში ქართული ოცნების ოფისთან თავს დაესხნენ მთავარი არხის ოთხ თანამშრომელს. მათ ჟურნალისტ ჯეიჰუნ მუჰამედალის სცემეს და თავი გაუტეხეს.

მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებს და მოძრაობა 2020-ისაქტივისტებს.

თავდასხმაში ქართული ოცნების მხრიდან 10-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ინციდენტებში მონაწილე 4 პირი.

მათგან 2 ქართული ოცნების წევრია და მარნეულში 29 სექტემბრის ინციდენტის დროს ნაციონალური მოძრაობის წევრებზე ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული. ერთი მათგანი მარნეულის მერიის ავტოპარკის უფროსი, გიორგი ჯალაღონიაა, მეორე – ქართული ოცნების აქტივისტი, გიორგი შუბითიძე.

ასევე, შსს-ის განცხადებით, დაკავებულია ენმ-ის ორი აქტივისტი.

ერთი დაკავებული პარტიის ბოლნისელი აქტივისტი, არიფ იუსუფოვია, რომელსაც ბრალად ქართული ოცნების წევრის, გოგი მეშველიანის ძმისთვის ბლაგვი საგნით ჯანმრთელობის დაზიანება ედება. აღსანიშნავია, რომ თავად იუსუფოვი ინციდენტში მმართველი გუნდის მხარდამჭერებს ადანაშაულებს.

ასევე, დააკავეს ენმ-ის წევრი, ლაშა ქველაძე, რომელსაც ბრალად დაედო 29 ოქტომბერს, მარნეულის ინციდენტის დროს ქართული ოცნების მხარდამჭერისთვის ბლაგვი საგნის ჩარტყმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიაანრი ოხანაშვილი დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით: ნებისმიერი პირის დამნაშავეობის საკითხს საბოლოოდ სასამართლო დაადგენს