ლევან შონია: ჩვენ უნდა განვავითაროთ სპორტული ტურიზმი

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია რეგიონის გამგებლებს, მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა. შეხვედრაზე 30-31 ივლისს დაგეგმილი ავტო-მოტო მოყვარულების გრანდიოზული შოუს საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

„ყველას მოგიწოდებთ მაქსიმალურად ჩაერთეთ ამ ღონისძიების ორგანიზებაში. ეს არის ჩვენი რეგიონის ღონისძიება, რომელიც აქ დაფუძვნდა და ყოველწლიურად ჩატარდება. წლევანდელი ღონისძიება შარშანდელზე მასშტაბური და სანახაობრივი იქნება. ავტო-მოტო მოყვარულთა შოუ უნდა გახდეს მეტად პოპულარული და ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკკეთებთ. გახსოვთ შარშან ამ ღონისძიებას 10 ათასზე მეტი მოქალაქე ესწრებოდა, წელს ველოდებით უფრო მეტს. აქ ჩამოდიან მთელი საქართველოდან და მეზობელი ქვეყნებიდან როგორც სპორტსმენები, ასევე მოყვარულები და მაყურებლები. ჩვენ უნდა განვავითაროთ სპორტული ტურიზმი და ამის საუკეთესო საშუალებაა ის რასაც 30 და 31 ივლისს ჩავატარებთ“ – განაცხადა შეხვედრაზე გუბერნატორმა.

ავტო-მოტო მოყვარულთა შეჯიბრში მონაწილეობას პროფესიონალი და მოყვარული მრბოლელები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღებენ. ღონისძიება, ზუგდიდიში ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე 30-31 ივლისს გაიმართება. მონაწილეები ერთმანეთს ავტო-მოტო დრაგში შეეჯიბრებიან, ასევე გაიმართება „დრიფტ შოუ“, სადაც მონაწილეობას საქართველოში ცნობილი მრბოლელები მიიღებენ. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იქნება. ღონისძიებას მუსიკალურად, ცნობილი DJ-ები გააფორმებენ. ავტო-მოტო შეჯიბრებებში გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდებიან.

რეგიონში ავტო-მოტო შეჯიბრის ჩატარების იდეის ავტორი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონიაა, ღონისძიება „Western Drivers Club სამეგრელოსა“ და „BMW Club Georgias“ ორგანიზებითა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება.

ავტო-მოტო მოყვარულთა შოუ ახალგაზრდობის წლის ფარგლებში ტარდება, შეგახსენებთ, რომ 2016 წელი სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორმა რეგიონში ახალგაზრდობის წლად გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშინარმანია კარლო ლეკვეიშვილის თბილისის მერის მოადგილედ შესაძლო დანიშვნაზე ინფორმაციას არ ადასტურებს
შემდეგი სტატიაშემცირებული იმპორტი და ექსპორტი – ენმ სტატისტიკის დეპარტამენტის პირველი ექვსი თვის შედეგებს ასაჯაროებს