ლევან სანიკიძე: „ლელოს“, უბრალოდ, აღარ სჯერა ასეთი ფორმით, ქუჩის პროტესტით წარმატების მიღწევის”

“მე მგონი, ამ ვითარებაში „ლელომ“ დაინახა შესაძლებლობების ფანჯარა, რომ, მათ შორის, იბრძოლოს მეორე ადგილისთვის. ასევე მიმაჩნია, რომ „ლელოს“, უბრალოდ, აღარ სჯერა ასეთი ფორმით, ქუჩის პროტესტით წარმატების მიღწევის, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

სანიკიძის თქმით, ქუჩის პროტესტი არ იყო და არ არის პარტიული პროტესტი და აქ სხვაობა არის, ვის რისი რწმენა აქვს დარჩენილი.

„მე მგონია, რომ, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ეს რწმენა უნდა გვიმტკიცდებოდეს და უნდა ვრწმუნდებოდეთ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება არის აქეთ გაძლების რეჟიმში და არა – ჩვენ. ამ ვითარებაში სხვაობა არის ის, რომ ჩვენ ვუყურებთ, რომ ეს არის გრძელვადიანი ბრძოლა, სადაც შედეგი, რომელიც დაითესა 26 ოქტომბრის შემდეგ საპარლამენტო ბოიკოტის მანდატების დათმობის შემდეგ, ამის ლოგიკური გაგრძელება არის, რომ შემდეგ კომისიაზე არ მივიდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები, არ აღიარეს პარლამენტი, არ აღიარეს პრეზიდენტი, არ აღიარეს ე.წ. საგამოძიებო კომისია, არ აღიარებენ ახალ არჩევნებს, რასაც აცხადებენ რუსულ სპეცოპერაციად და არ იღებენ მონაწილეობას. მგონია, რომ ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ერთ ნაყოფს გამოიღებს, რასაც ივანიშვილის ხელისუფლებისთვის დამატებითი კრიზისის შექმნა შეუძლია. „ლელოს“ ამის რწმენის ნაკლებობა აქვს აშკარად და გადაწყვიტა, ვიდრე ივანიშვილის ხელისუფლების ჩამოშლის საბოლოო ფაზამდე გადავალთ, მანამდე რაღაც შუალედური ნაბიჯი გადადგას“, – განაცხადა სანიკიძემ.

banner
წინა სტატიაშიფრიდრიხ მერცი: “ტრამპთან სატელეფონო საუბრების შემდეგ პუტინი უფრო აძლიერებს თავდასხმებს უკრაინაზე
შემდეგი სტატიალევან სანიკიძე: “100 ოპოზიციონერიდან 70 როცა ამბობს, რომ აქ არ უნდა შეხვიდე, ეს ნიშნავს, რომ მიდიხარ დინების საწინააღმდეგოდ”