დიდი ბრიტანეთის გრანტის გამოყენება კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მონიტორინგისთვის კარგი იქნება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, დასავლელი პარტნიორების მიერ ნებისმიერი სახით არჩევნების დაკვირვება ან წინასაარჩევნო გარემოს შეფასება არის პოზიტიური.
„ბიძინა ივანიშვილმა 26 ოქტომბერს ამ ქვეყანაში არჩევნების იდეა გააუქმა. ამ იდეის დაბრუნებასთან დაკავშირებით ძალიან სკეპტიკურად არიან განწყობილი როგორც პოლიტიკური პარტიები, ისე საერთაშორისო საზოგადოება და, რაც მთავარია, ქართველი ხალხი. ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ ნებისმიერი სახით არჩევნების დაკვირვება ან წინასაარჩევნო გარემოს შეფასება არის პოზიტიური მიდგომის მატარებელი ჩვენთვის. უბრალოდ, აქ დგას მეორე საკითხიც, რომ არჩევნების იდეა და, ზოგადად, მომავალი არჩევნები ძალიან რთულად წარმომიდგენია ამ ვითარებაში, სადაც არის პოლიტიკური რეპრესიები, პარტიების გაუქმება, პოლიტიკურ ლიდერებზე ძალადობა, მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა. რეპრესიული მანქანა არის სრულად გააქტიურებული, პოლიტპატიმრები არიან ციხეში, საარჩევნო გარემო ყოველდღე უფრო და უფრო მძიმდება, ამიტომ, მონიტორინგისთვის მაინც, რა ხდება ქვეყანაში, იქნება მშვენიერი, მათ შორის ამ გრანტის გამოყენება კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ“, – განაცხადა სანიკიძემ.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში 2025 წლის ოქტომბრისთვის დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების მხარდასაჭერად. როგორც საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი (FCDO) იწვევს ქართულ არაკომერციულ ორგანიზაციებს, 2025 წლის 25 აპრილამდე წარადგინონ განაცხადები 2025 წლის ოქტომბერში დაგეგმილი ქართული მუნიციპალური არჩევნების ეფექტურ ჩატარებაში მხარდასაჭერად.