მთავარი, რაც გამოჩნდა, არის ის, რომ ამ კომისიაში ყველა სხვა საკითხი არის მეორე ხარისხის მატარებელი, გარდა 2008 წლის ომისა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ჩვენმა გმირმა სამხედროებმა, გენერლებმა და მათ შორის, თავად უმაღლესმა მთავარსარდალმა 2008 წლის ომის, მიხეილ სააკაშვილმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოიგეს ორი მნიშვნელოვანი საქმე, რითაც დადასტურდა ამ ქვეყნის სიმართლე და რუსეთის ის ზრახვები, რომელიც მათ ჰქონდათ 2008 წელს და გამტყუნდა თავიდან ბოლომდე რუსეთის ფედერაცია. ამ კომისიის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ 2008 წლის ომის შედეგების რევიზირება მოხდეს. ეს არ არის სამართლიანობის აღდგენის კომისია, ეს არის რუსეთის „სიმართლის“ დამტკიცების კომისია“, – განაცხადა სანიკიძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორ გაიგო გზავნილები ავსტრიიდან, რომელიც დღეს გაკეთდა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაატაროს რეფორმები, ასევე, პასუხისმგებელმა პოლიტიკურმა პირებმა დაძლიონ პოლარიზაცია და დიალოგი დაიწყოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან, ლევან სანიკიძემ განაცხადა, რომ ამ ვითარებაში ამ ტიპის განცხადება არის უფრო ფორმალური ხასიათის მატარებელი.
„ჩვენი მხრიდან არასდროს არ ყოფილა უარი საუბარზე „ქართულ ოცნებასთან“, მაგრამ 26 ოქტომბრის შემდეგ მათ გადალახეს ყველანაირი წითელი ხაზი“, – განაცხადა სანიკიძემ.
შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ყველანაირ დიალოგს საერთაშორისო შუამავლობითაც, სანიკიძემ თქვა, რომ გამორიცხვით არაფერს გამორიცხავს, მაგრამ ოპოზიციას უნდა ჰქონდეს ნებისმიერ მომენტში „ქართულ ოცნებასთან“ უპირატესობა, როგორც საერთაშორისო მასშტაბით, ისე ადგილზე, ქუჩაში.
„ქართული ოცნება“ რაღაცა თავისით კი არ უნდა ეცადოს, რომ თავს მოხვეული ნაბიჯები გადაგვადგმევინოს, იმ მდგომარეობამდე უნდა მივიდეს, რომ აქეთ ჰქონდეს სახვეწარი ჩვენთან საუბარი“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.