„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებით, პარტიაში გამოცხადებული ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი ძირეული ცვლილებებისთვის მომზადებას დაეთმობა. ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში საუბრისას სანიკიძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში ნაკლებადაა ჩართული.
მისი განმარტებით, ყოველდღიური მენეჯმენტისგან დროებითი პაუზის აღება პროცესებისგან გამიჯვნას არ ნიშნავს და ეს გადაწყვეტილება თვითრეფლექსიასა და პასუხისმგებლობის გააზრებას უკავშირდება.
„ბოლო ყრილობაზე გამოვაცხადეთ ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი. ვფიქრობ, ეს ექვსი თვე ათვისებული იქნება სრულად იმისთვის, რომ პარტია მოემზადოს ძირეული ცვლილებებისთვის…
ის მოვალეობა, რომელიც მე მქონდა დაკისრებული თავმჯდომარის პირველი მოადგილის სახით წელიწადი და ექვსი თვე, მიმაჩნია, რომ იყო საკმარისად დატვირთული. მგონია, რომ ის ბორდი, რომელიც დღეს ახორციელებს პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტს, ბევრად უფრო მობილურად გააკეთებს ამ საქმეს. ყოველდღიური მენეჯმენტისგან დროებითი პაუზის აღება ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო, რომ რაღაც ცოტა დისტანციაზეც დამენახა“, — განაცხადა ლევან სანიკიძემ.
სანიკიძის თქმით, მიუხედავად ოპერაციული მართვიდან ჩამოშორებისა, ის კვლავ მონაწილეობს პარტიის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში.
„რეფლექსიის დროა და რაღაც თვალსაზრისით, ადამიანმა პასუხისმგებლობა უნდა აიღო. მგონია, რომ ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის პასუხისმგებლობის არაღება — როდესაც გარდამავალი პერიოდი ხდება საჭირო, ესე იგი, რაღაც არ მუშაობდა სწორად…
რა თქმა უნდა, აქტიურად ვიგებ მნიშვნელოვან ცნობებს და მნიშვნელოვან გენერალურ გადაწყვეტილებებშიც მაქვს ჩემი ხმა, რომელიც დაკავშირებული იქნება რეფორმების გატარებასთან“, — აღნიშნა სანიკიძემ.








