“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან სანიკიძე ბოლო პერიოდში ჩატარებულ კვლევებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ “100 ოპოზიციონერიდან 70 როცა ამბობს, რომ აქ არ უნდა შეხვიდე, ეს ნიშნავს, რომ მიდიხარ დინების საწინააღმდეგოდ.”
მისივე თქმით, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ბოლო კვლევის ავტორიც ის ადამიანია, რომელმაც „ლელოს“ წინა კვლევა ჩაატარა.
„ეს უნდა გავისიგრძეგანოთ ყველამ, ოპოზიციურმა პარტიებმაც, რომ ქართველი ხალხის და ოპოზიციური ამომრჩევლის შეკვეთა რაც არის, ის უნდა შევასრულოთ“, – განაცხადა სანიკიძემ.
სანიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ ზურგს უმაგრებს სოცილოგიური გამოკითხვებიც, რომლის შედეგებიც, იმედია, მალე გამოქვეყნდება და რომლის მიხედვითაც, „ლელოს“ ამომრჩეველიც ძალიან უკმაყოფილოა პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით და ეს პირდაპირ რეიტინგშია ასახული.
„მოვლენებს არ გავუსწრებთ წინ, მაგრამ ამის მაჩვენებლები არსებობს, ინდიკატორები, რომ მათ მიმართ მხარდაჭერა შემცირებულია. მე მიმაჩნია, რომ „ლელო“ საჯარო ამ დისკუსიაზეც, მათ შორის, რაც საზოგადოების მეორე ნაწილთან დაკავშირებით არსებობს, ძალიან მოწყვლადია და მგონია, რომ არსებობს რეალური შესაძლებლობა, მათ შორის, რეგისტრაციის ბოლო ვადამდე, „ლელომ“ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ არ წავიდეს პოლიტიკურ თვითმკვლელობაზე, რაც მე ძალიან არ მინდა, რომ ასეთი პარტნიორი ორგანიზაცია შუა ბრძოლაში დავკარგოთ“, – განაცხადა სანიკიძემ.