ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებმა და ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში მიმართა სასამართლოს, რათა მათ ჰქონოდათ შესაძლებლობა, საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე, დასწრებოდნენ და დაჰკვირვებოდნენ სასამართლო პროცესს და გასცნობოდნენ საქმეს. დაცვის მხარემაც დავაყენეთ ამის შუამდგომლობა, რაზეც ბრალდების მხარე წინააღმდეგობაში მოვიდა, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრმა, ადვოკატმა ლევან სამუშიამ ე.წ. საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
სამუშიას თქმით, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ დევს და ბრალდების მხარეს არ აქვს სურვილი, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლობამ და სრულიად საზოგადოებამ ნახოს, რეალურად რა ხდება სასამართლო სხდომებზე.
„საქმე არის ღიად პოლიტიკური დევნის სისხლის სამართლის საქმე, სადაც არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და ამ საქმეს სრულიად სამართლიანად შევარქვით ჟესტიკულაციის სისხლის სამართლის საქმე, რაც მსოფლიო სამართალწარმოების პრაქტიკაში არ არსებობს.
ჩვენთვის გუშინ გახდა ცნობილი, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებმა და ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში მიმართა სასამართლოს, რათა მათ ჰქონოდათ შესაძლებლობა, საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე, დასწრებოდნენ და დაჰკვირვებოდნენ სასამართლო პროცესს და გასცნობოდნენ საქმეს, რაზეც აღნიშნეს კიდეც, რომ ამის პრაქტიკა არსებობდა. დაცვის მხარემაც დავაყენეთ ამის შუამდგომლობა, რაზეც ბრალდების მხარე წინააღმდეგობაში მოვიდა და თქვა, რომ ისინი არ ემხრობოდნენ საქმის ხელახლა გახსნას.
დიახ, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, საქმე მთლიანად მტკიცებულებების გარეშეა და ბუნებრივია, ბრალდების მხარეს არცერთ შემთხვევაში არ აწყობს, რომ ეს რეალობა გამოქვეყნდეს და უფრო ნათელი გახდეს, იქ ტელეკამერები იყვნენ, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები თუ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ღია სასამართლო პროცესს დაესწრებიან და თავიანთი თვალით ნახავენ, თუ რა ხდება.
აქედან გამომდინარე, სასამართლომაც არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და პროცესები კვლავ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს”, – განაცხადა ლევან სამუშიამ.
















