ლევან რატიანი : ბოლო რამდენიმე დღეა, ახალი შემთხვევა არ მიგვიღია, იმედია, ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა მალე მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გადავა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ბოლო 24 საათში კლინიკა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ცხრა პაციენტმა დატოვა.

როგორც ლევან რატიანმა განაცხადა, ბოლო რამდენიმე დღეა, კლინიკას ახალი შემთხვევა არ დამატებია.

„ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 68 პაციენტი გვყავს. მათგან კოვიდინფიცირებული არის 52 პაციენტი. დინამიკა არის მკვეთრად კლებისკენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენი კლინიკიდან გაეწერა ცხრა გამოჯანმრთელებული პაციენტი. ბოლო რამდენიმე დღეა, ახალი შემთხვევა არ მიგვიღია და ესეც გვახარებს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

როგორც რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რადგან დინამიკა მკეთრად დადებითია, შეიცვლება საუნივერსიტეტო კლინიკაში პრესკონფერენციების სიხშირე.

„იმედია, ასე გაგრძელდება. მალე ჩვენი კლინიკა ჩვეულ რეჟიმში გადავა. რადგანაც გადავედით შედარებით შემსუბუქებულ მდგომარეობაში. თქვენ ძალიან მიყვარხართ, დიდ პატივს გცემთ, მაგრამ კვირაში ორი დღე გვექნება თქვენთან შეხება – ორშაბათსა და პარასკევს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა მინისტრმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განხორციელებული და მიმდინარე სიახლეების შესახებ ანგარიში მოისმინა
შემდეგი სტატიაივანიშვილის მორიგი ტყუილი – ოპოზიცია ქართული ოცნების ლიდერებს პასუხობს