ლევან ქარდავა: მე მივდივარ აქციაზე იმისთვის, რისთვისაც ნიკას უღირდა ციხეში ჩაჯდომა

“გვეშველება რამე? აი კითხვა, რომელიც უდაოდ ყველას გვეცნობა. არც ერთი კითხვა არ მაღიზიანებს, ამის გარდა. თითქოს ველოდებით მესიას, რომელიც ყოვლისმცოდნე იქნება და სამშვიდობოს გაგვიყვანს, ყველაზე და ყველაფერზე ჩვენს ნაცვლად იფიქრებს და გააკეთებს, სამართლიანი იქნება, არ მოიპარავს, უფრო მეტიც თავისას დაგვახარჯავს, მზამზარეულს მოგვართმევს. ჩვენ კი თითის გატოკებაც არ დაგვჭირდება ისე გაბრწყინდება საქართველო… ალბათ კითხულობთ და ფიქრობთ, იმედია გაიფიქრეთ მაინც, ეს რა სისულელეა, ასე არ ხდებაო. მაშინ ქართველები საიდან ვართ ქიმერების ტყვეობაში და რატომ არ გვინდა ჩვენ ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენ ქვეყანაზე, ჩვენ წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე?! რატომ ველოდებით შველას სხვისგან, თუნდაც ჩვენი მეგობრებისგან თუ მოკავშირეებისგან? რატომ ვაბრალებთ ყველა ჩვენ წარუმატებლობას გარე მტერს? ვერავინ გვიშველის, თუ ჩვენ არ მოვინდომეთ და ვერავინ დაგვჩაგრავს თუ ჩვენ გონიერები ვიქნებით. თითქოს ძალიან ბანალურია ეს ყველაფერი, მაგრამ რასაც ჩემი გამოცდილებით და შინაგანი რწმენით ვხვდები ისაა, რომ ბანალური ჭეშმარიტებები გვაქ აღრეული და გლობალურ პრობლემებს ვეჭიდებით. სიმპტომებს ვებრძვით და გამომწვევი მიზეზები უყურადღებოდ გვრჩება. ჯიუტად ვიმეორებთ შეცდომებს და გვიკვირს შედეგი რატომ არ იცვლება. ზოგადად ყველა ხელისუფლება ზუსტად იმდენს აშავებს, რამდენის უფლებასაც საზოგადოება აძლევს. 30 წელია სახელმწიფოებრიობა აღვიდგინეთ და დღემდე თავისუფლებისთვის ვიბრძვით ზანტად. მაქციებს დაუთმეთ ქვეყნის განვითარების სადავეები და მერე გვიკვირს რატომ ეპყრობიან ყველაფერს ასე უდიერად. სფერო არ არსებობს და ინსტიტუცია სახელმწიფოში, სადაც მაქციები არ ბოგინობენ. კაცის კაცების კულტმა და ბელადომანიამ მოიცვა ყველაფერი. მაქცია პოლიტიკოსები, ანაფორას ამოფარებული მაქციები, მაქცია ხელოსანი ექიმები, ატესტაციაზე შპარგალკით მისული მაქცია პედაგოგები, მაქცია ძალოვნები, მაქცია ჟურნალისტები… სისტემის მსახურები, რომლებიც მემკვიდრეობით გადადის ხელისუფლებიდან ხელისუფლებაზე და ყოველი ხელისუფლების მონელების შემდეგ, ახალი ძალით აგრძელებენ ქვეყნის ხვრას.
… სწორად დასმული კითხვები, პრობლემის მოგვარების ნახევარია. ვაღიაროთ ჩვენი, როგორც ერის და საზოგადოების მანკიერებები და გვეცოდინება რა გვაქ გამოსასწორებელი. ვიყოთ ფხიზლად და გავაკეთოთ შეგნებული არჩევანი და ავიღოთ პასუხისმგებლობა ამ არჩევანზე. არ მივცეთ იმდენი ძალაუფლება და თავისუფლება ხელისუფლებას, რომ მერე საზოგადოების თავისუფლება და უფლებები შელახონ.
ძვირფასო თანამოქალაქენო! მე დღეს მივდივარ აქციაზე, რადგან მძულს ეს ქვეყანა, მძულს უიმედობა ამ ქვეყანაში, მძულს უპერსპექტივობა ამ ქვეყანაში, მძულს უგუნურობის ბოგინი ამ ქვეყანაში, მძულს მაქციები ამ ქვეყანაში, მძულს გეზი, საითაც მიაჩოჩებენ ამ ქვეყანას, მძულს, რადგან ვიცი შეუძლია უკეთესი იყოს!
მე არ მივდივარ აქციაზე ნიკა მელიას განთავისუფლებისთვის! მე მივდივარ აქციაზე იმისთვის, რისთვისაც ნიკას უღირდა ციხეში ჩაჯდომა. ამ ხელისუფლების მანიპულაციები და ორმაგი სტანდარტების პოლიტიკური “მართლმსაჯულება” ჩემთვის არ ახალია.
სოლიდარობა მის ოჯახს!
პ.ს. ვისაც გიყვართ ეს ქვეყანა,როგორიც არის, გთხოვთ არ დარჩეთ სახლში და ივანიშვილის ფოტოგამოფენა მოინახულეთ და გამიზიარეთ შთაბეჭდილებები, რადგან მე ვერ ვახერხებ.
წინასწარ გიხდით მადლობას-წერს ლევან ქარდავა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიპირველი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება
შემდეგი სტატიაუდუმაშვილ – ივანიშვილს შეუძლია დრონები კოსმოსში აწიოს და იქედან დაგვთვალოს