26.2 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ლევან ნატროშვილი: მოხდა კომუნიკაცია ევროპული სასამართლოს მხრიდან, მან კითხვები გაუგზავნა საქართველოს მთავრობას

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ნატროშვილის განმარტებით, ევროპული სასამართლო საქართველოს სახელმწიფოსგან ითხოვს დასაბუთებას კითხვაზე, რა გახდა არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღების საფუძველი.

„25 ივნისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო არსებითი გახილვა საჩივარზე, რომელიც ხუთმა ორგანიზაციამ გასული წლის ოქტომბერში შევიტანეთ. საჩივარი ეხება ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას. გასული წლის აგვისტოში პროკურატურის მოთხოვნით სასამართლომ დააყადაღა შვიდი ორგანიზაციის საბანკო ანგარიში, აქედან ხუთმა ორგანიზაციამ ქვეყნის შიგნით გავიარეთ ყველა სამართლებრივი ინსტანცია და შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში შევიტანეთ საჩივარი. ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. მოხდა კომუნიკაცია ევროპული სასამართლოს მხრიდან, მან კითხვები გაუგზავნა საქართველოს სახელმწიფოს მთავრობას ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. კითხვები ეხება იმას, თუ რის საფუძველზე მოხდა ჩვენი ანგარიშების დაყადაღება, გამოძიებისთვის რატომ იყო საჭირო ის, რომ ანგარიშები დაყადაღებულიყო. ითხოვენ დასაბუთებას იმისა, თუ რა გახდა ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღების საფუძველი. დავა მიმდინარეობს რამდენიმე მუხლით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ქმედებით დაირღვა იმ გაერთიანების თავისუფლების პრინციპი, რომელიც ევროპულ კონვენციაში არის გაწერილი, ასევე, ვფიქრობთ, რომ გაუმართლებლად შეიზღუდა საკუთრების უფლება. ამასთან, მნიშვნელოვანია ის, რომ ერთ-ერთი მუხლი ეხება იმას, რომ სახელმწიფომ ბოროტად არ უნდა გამოიყენოს საკუთარი ძალაუფლება დაფარული მიზნების შესასრულებლად“, – განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

ცნობისთვის ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამონათვალი, რომელთაც სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს, ასეთია : „სოციალური სამართლიანობის ცენტრი”, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი”, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)” და „საფარი”.

banner
წინა სტატიაშიპირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
შემდეგი სტატიაგეორგი ტიხი პუტინს: ვერც ერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწიეთ, ომი თქვენს ტერიტორიაზე ბრუნდება