ლევან მურუსიძის დანიშვნასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ლევან მურუსიძის დანიშვნასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარიტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
,,როგორც ცნობილია, გასულ კვირას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ხმათა უმრავლესობით, პრაქტიკულად უვადოდ, დაამტკიცა ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენელი, მოსამართლე ლევან მურუსიძე, მიუხედავად საზოგადოებრივი აზრის დიდი წინაღმდეგობისა და იმ კონკრეტული არგუმენტებისა, რომელზეც დასაბუთებული პასუხი ვერ მოვისმინეთ.

ამ დანიშვნამ საბოლოოდ დასამარა ილუზია დღევანდელი ხელისუფლების პირობებში დამოუკიდებელი სასამართლოს ფორმირების და სამართლიანობის აღდგენის შესაძლებლობის შესახებ.

დღეს უკვე ცხადი ხდება, რომ მურუსიძის დანიშვნა იყო ლოგიკური შედეგი იმ კურსისა, რომელსაც უკვე დიდი ხანია ატარებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელმაც უღალატა ხალხს და საკუთარ დაპირებებს და ახალი რეჟიმის მიმართ ლოიალობის ფასად ინდულიგენცია უბოძა წინა რეჟიმის „მურუსიძეებს“.

სრულიად ცინიკურად, ეს არგუმენტი ღიად დაადასტურეს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, როდესაც განაცხადეს, რომ მურუსიძეს დიდი ავტორიტეტი გააჩნია მოსამართლეთა წრეში და ეს გახდა მისი დანიშვნის კრიტერიუმი და არა მისი პროფესიული რეპუტაცია. ეს სხვა არაფერია, თუ არა ღიად გამოცხადებული კორპორატიული მმართველობა სასამართლო სისტემაში, ნაცვლად კონსტიტუციით დეკლარირებული დემოკრატიული პრინციპებისა, ვინაიდან ხმა მისცეს მოსამართლეს, რომლის განაჩენებიც სანდრო გირგვლიანის, სულხან მოლაშვილის და სხვა საქმეებზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ჩათვალა, როგორც „გამაოგნებელი“.

მურუსიძის დანიშვნით ჩრდილი ადგება მთლიანად სასამართლო სისტემას, მათ შორის იმ მოსამართლეებსაც, რომელთაც უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე მართლაც შესძლეს და გათავისუფლდნენ პოლიტიკური წნეხისგან.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესში პრეზიდენტისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია იყო თავიდან ბოლომდე განპირობებული კონსტიტუციის დაცვის და მართლმსაჯულების ინტერესებით, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა საპარლამენტო უმრავლესობის უპასუხისმგებლობის ფონზე. პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრები ერთის მხრივ სიტყვიერად ემიჯნებიან მურუსიძის დანიშვნას, თუმცა, მეორეს მხრივ არანაირ ზომებს არ მიმართავენ შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად, რაც სხვა არაფერია თუ არა ფარისევლობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შექმნილ ვითარებაში აუცილებელ და გადაუდებელ ნაბიჯად მიგვაჩნია -იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბოლომდე დისკრედიტებული მოქმედი შემადგენლობის დაშლა და მისი ფორმირების წესის შეცვლა.

მიგვაჩნია, რომ საბჭოს ახალი შემადგენლობის ფორმირების დროს მეტი ყურადღება უნდა მიექცეს არა არაფორმალური მმართველების კულუარულ ფავორიტებს, არამედ დასანიშნი კანდიდატების პროფესიულ და საჯარო რეპუტაციას და საზოგადოებრივ კონსენსუსს.

მოვუწოდებთ ფართო საზოგადოებას და ყველას, ვისთვისაც სულერთი არ არის საქართველოში სასამართლო ხელისუფლების მომავალი, ჩაერთოს მოძრაობაში, რომელიც მიზნად ისახავს იუსტიციის საბჭოს და მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის ძირეულ რეფორმას“ – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი: ივანიშვილის მადა არ არის ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენი ხალხი გაღარიბდა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ დავამკვიდრეთ ახალი კულტურა ქართულ პოლიტიკაში