ლევან მურუსიძე: თამაზ ურთმელიძეს ვადა ამოეწურა და აჟიოტაჟის ატეხვის საფუძველი არ არსებობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ თამაზ ურთმელიძეს მოსამართლის 10 წლიანი ვადა აპრილის ბოლოს ამოეწურა, საქმეები რომელიც მას ეწერა სხვა მოსამართლეს გადაეწერება და ურთმელიძე მის განხილვაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

“განსაკუთრებული მიდგომა არ არსებობს ამ შემთხვევაში, როგორიცაა პრაქტიკა ისე მოხდა. ამოეწურა ვადა და საქმეების განხილვაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს“,-განაცხადა მურუსიძემ და აღნიშნა, რომ არ იცის, ურთმელიძემ შეიტანა თუ არა ახალ კონკურსში მონაწილეობაზე საბუთები. მისი თქმით, კონკურსი უკვე გამოცხადებულია და საბუთების მიღება 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

თამაზ ურთმელიძე ცნობილია გახმაურებული გადაწყვეტილებებით, მათ შორის “რუსთავი 2”- ის საქმეზე გამოტანილი განჩინებით. თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მივლინებული 2010 წლის 1 ნოემბრიდან იყო. მანამდე 2006 წლიდან იყო ცაგერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2006-2009 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. 2009 წლიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში. 2009 წლის დეკემბრიდან ასევე დაკისრებული ჰქონდა მარნეულის მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილება.

banner
წინა სტატიაშიკადიროვისგან კატა გაიქცა
შემდეგი სტატიაგიორგი კანდელაკი: დღეს საქართველოს ყავს 5 პოლიტპატიმრით მეტი