ლევან მურუსიძე: ეს არის გუნდი, რომელიც ცდილობს, რომ გააკეთოს კეთილი საქმე

“იმ პრინციპოთ, რა პრინციპითაც ჩვენ გვიწოდებენ “კლანს”, ანალოგიურად, არასამთავრობო სექტორიც გამოდის კლანი,“ – ეს განცხადება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ, გადაცემა არჩევანში მესამე სექტორის კრიტიკაზე საპასუხოდ გააკეთა.

ლევან მურუსიძისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასება, რომ სასამართლოში კლანი არსებობს და მას მურუსიძე-ჩინჩალაძე ხელმძღვანელობს, მიუღებელია.

„ისინი ერთიანად დარაზმული, არასოდეს მათ განსხვავებული აზრი არა აქვთ, სასამართლოს ლანძღვაში არიან აბსოლუტურად ერთიანები,“ – განაცხადა მურუსიძემ.

არჩევანის ეთერში ლევან მურუსიძემ სიტყვა “კლანის” მნიშვნელობა განმარტა. მურუსიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის სასამართლო სისტემაში ლიდერია.

„კლანი, ზოგადად, ასოცირდება პატიოსანი ადამიანის თვალში, რომ ეს არის დანაშაულებრივი ჯგუფი. ახლა რას აკეთებს ჩვენი ე.წ. კლანი სასამართლო სისტემაში. ამ 5 წლის მოღვაწეობის შედეგად, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სტრასბურგის სასამართლოში 11-ჯერ შემცირდა მიმართვიანობა… ეს არის გუნდი, რომელიც ცდილობს, რომ გააკეთოს კეთილი საქმე და საქართველოს და ქართულ სახელმწიფოს მისცეს დამოუკიდებელი სასამართლო,“ – განაცხადა მურუსიძემ.

მოსამართლის თქმით, მესამე სექტორშიც არიან ლიდერები და არსებობენ ჯგუფები. ამის მაგალითად კი ლევან მურუსიძემ გიგაური-სალაძის განცხადებები მოიყვანა.

ლევან მურუსიძე პარლამენტის მიერ დაწუნებულ 10-კაციან სიას ეხმაურება, რომლებიც უზენაესი სასამართლოში უვადოდ უნდა გამწესებულიყვნენ. მურუსიძის თქმით, აღნიშნულ სიაში მყოფები ღირსეული მოსამართლეები იყვნენ. მურუსიძის თქმით, სასამართლო სისტემა სრულად დამოუკიდებელია. ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე, აძლევს თუ არა ასეთ თავდაჯერებულობას ის ფაქტი, რომ ოცნების ლიდერი მას ღია მხარდაჭერას უცხადებს, მურუსიძე ამბობს, რომ ეს სასამართლო კორპუსის დამსახურებაა.

„მე თავდაჯერებას მაძლევს ერთი გარემოება. ეს არის სასამართლო კორპუსი და მოსამართლეები, რომლებიც თქვენც შეიძლება, მოიკითხოთ სასამართლო სისტემაში. მე არ მინდა, ჩემს თავზე ვისაუბრო. ვთქვათ, რა ავტორიტეტით ვსარგებლობ და რა ნდობა მაქვს სასამართლო კორპუსის. ამიტომ, ერთადერთი ფაქტორი, რაც მე მაძლევს თავდაჯერებულობას, არის ის მხარდაჭერა იმ 300 მოსამართლის, რომელიც არის სასამართლო სისტემაში და ძირითად ფასეულობებზე ბრძოლაში კორპუსი არის ერთიანი,“ – განაცხადა მურუსიძემ.

 

https://youtu.be/QKKeV5qQiDw

banner
წინა სტატიაში“დღეს სასამართლო არის ისეთი დამოუკიდებელი, როგორი დამოუკიდებელიც არ ყოფილა საქართველოში ისტორიაში” – ლევან მურუსიძე
შემდეგი სტატია“გირგვლიანია მსხვერპლი, მე მსხვერპლი არ ვარ” – ლევან მურუსიძე