ლევან მგალობლიშვილი სოხუმის უნივერსიტეტის რექტორს და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ გახსნა. პროფესორ-მასწავლებლებს მიმართეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და განათლებისა და კულტურის მინისტრმა.
ლევან მგალობლიშვილმა სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებაში განათლების როლზე და პროცესში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობაზე ისაუბრა.
ყურადღება გამახვილდა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავებისა და განვითარების საკითხში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრავალწლიან და ნაყოფიერ საქმიანობაზე.
“მნიშვნელოვანია საქმიანობა, რომელსაც თქვენ წლების განმავლობაში ახორციელებთ და უდიდესი წვლილი შეგაქვთ ახალგაზრდებისა და ზოგადად მომავალი თაობების აღზრდისა და განვითარების საქმეში. განსაკუთრებულად დასაფასებელია, რომ უნივერსიტეტი ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლია ქართველ და აფხაზ ხალხს შორის და გარკვეულ როლს თამაშობს გაუცხოების აღმოფხვრის, ჩვენი თანაცხოვრების საერთო ისტორიის აღდგენის და ერთობლივი ტრადიციების შენარჩუნების პროცესში.
სწორედ თქვენს მიერ არჩეული სწავლების მეთოდი, მისია და კურსი განაპირობებს იმას, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა პრიორიტეტულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რაზეც ბოლო წლების განმავლობაში არსებული სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ აკადემიური წრის წარმომადგენლებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს.

banner
წინა სტატიაშიდსთ-ს გენერალური მდივანი:”რუსეთთან თანამშრომლობა ქართველი ხალხის ინტერესში შედის”
შემდეგი სტატიათინა ბოკუჩავა: დიპლომატიურ კორპუსს წარვუდგინეთ გაყალბებების ამსახველი სამხილები