ლევან მგალობლიშვილი – დარწმუნებული ვარ, ალექსანდრე ბერულავას სახელობის პრემია ხელს შეუწყობს მედიაში აფხაზეთის თემების პოპულარიზაციას

ალექსანდრე ბერულავას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის აფხაზეთში ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში. დარწმუნებული ვარ, ეს პრემია ხელს შეუწყობს მედიაში აფხაზეთის თემების პოპულარიზაციას და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სამშვიდობო პროცესებში, – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა განაცხადა.
„მოხარული ვარ, რომ ქართული ჟურნალისტიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის საშა ბერულავას ჟურნალისტური პრემიის პირველი გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა.
ალექსანდრე ბერულავას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის აფხაზეთში ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში. დარწმუნებული ვარ, ეს პრემია ხელს შეუწყობს მედიაში აფხაზეთის თემების პოპულარიზაციას და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სამშვიდობო პროცესებში.
მადლობა ამ პრემიის დაწესების იდეის ავტორებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო პროექტის განხორციელებაში“, – განაცხადა მგალობლიშვილმა.
აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ინიციატივით, ცნობილი ჟურნალისტის, აფხაზეთში ქართული ტელევიზიის პირველი დირექტორის ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.
ჟურნალისტური პრემიის გამარჯვებულები სპეციალურმა კომისიამ ოთხ კატეგორიაში გამოავლინა.
სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაშია გასული, აფხაზეთის თემაზე მომზადებული სიუჟეტი ან მულტიმედია ნამუშევარი – მამუკა ყუფარაძე, აფხაზეთის თემაზე მომზადებული საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში – ლევან ურიდია, პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში – გაიცემა საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას – დეა ბაძაღუა და ჟურნალისტური საქმიანობა – აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტი – დალი ჯონჯუა (სიკვდილის შემდეგ).
გამარჯვებულები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა ეკა წივწივაძემ და საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე გულიადა ჭკადუამ დააჯილდოვეს.
ალექსანდრე ბერულავას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში. ის იყო აფხაზეთში ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდა გაზეთებში – “საბჭოთა აფხაზეთი“ და “აფხაზეთის რესპუბლიკა“. აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ის სამხედრო კორესპონდენტად მუშაობდა, სოხუმის დაცემამდე კი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესცენტრის ხელმძღვანელი.
ალექსანდრე ბერულავა სოხუმის დაცემის დღეს აფხაზმა სეპარატისტებმა და ჩრდილოკავკასიელმა დაქირავებულმა მებრძოლებმა ჟიული შარტავასთან და მინისტრთა საბჭოს წევრებთან ერთად დახვრიტეს.
ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიის დაჯილდოება წელს პირველად გაიმართა, რომელიც ტრადიციად იქცევა და ყოველი წლის 11 ნოემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის გათამაშებაში I ეტაპის გამარჯვებული ინდ. მეწარმეები გამოვლინდნენ
შემდეგი სტატიათბილისში, ერთ-ერთ ბინაში ნაპოვნი 2 სტუდენტის ცხედარი