აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი აცხადებს, რომ ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი მოქალაქიდან ერთი ბავშვია.
როგორც მგალობლიშვილმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
„ვიმყოფებით შემთხვევის ადგილზე, სამწუხარო ფაქტი მოხდა, გარდაცვლილია ერთი მოქალაქე, ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს.
ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მოსახლეობის დაბინავება და ქალაქის მერიასა და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ.
საუბარია, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვაზე. ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
ასევე ვიმყოფებოდით კლინიკაში, სადაც მკურნალობას გადის ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია. მისი მდგომარეობა სტაბილურია. შედარებით მძიმეა ერთი დაშავებულის მდგომარეობა, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
აფეთქება, სავარაუდოდ, შენობის მეოთხე სართულზე მოხდა. აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ფასადი და კედლები ჩამოინგრა.