„ვულოცავ პიტერ მადიარს და მის პოლიტიკურ გაერთიანებას საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას. ყველამ, გამარჯვებულმაც და დამარცხებულმაც მიიღო არჩევნების შედეგები. ნორმალურ ქვეყნებში ასე ხდება, რომ დამარცხებული აღიარებს შედეგებს და წლების განმავლობაში ბოიკოტს არ უცხადებს პარლამენტს და ქვეყანას არ აჯანჯღარებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამო”, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, ქართული დელეგაცია მონაწილეობდა სადამკვირვებლო პროცესში როგორც ბუდაპეშტში, ასევე რეგიონებში, მათ შორის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, სადაც არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა.
„ისეთი წყალწაღებული და პოლიტიკურად გაკოტრებული აღმოჩნდა ჩვენი ადგილობრივი ოპოზიცია, რომ ამ შემთხვევაშიც კი ორბანის წაგებაში ეძებდა სიხარულის მიზეზს თუ შვებას, თითქოს ბუდაპეშტში მიღებული ეს შედეგი აქ, თბილისში მათ პოლიტიკურ არსებობას სუნთქვას ხელოვნურად შეუნარჩუნებდა. უკვე მერამდენედ ქართულმა ოპოზიციამ ჯერ “ჰოპლა” დაიძახა და მერე გადახტა. უკვე მერამდენედ მათ ისეთი პოზიციები დაიკავეს, რომელიც არ ჯდება ჩვენი მოსახლეობის ინტერესებში. უკვე მერამდენედ თავად გააბეს ქსელი და თავადვე გაიბლანდნენ ამ ქსელში. ვიდრე ჩვენი ოპონენტები სხვის არჩევნებზე ზეიმობენ, ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს უსაფრთხოებაზე, ეკონომიკური კავშირების გაფართოებასა და პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებაზე”, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
მისივე თქმით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა მომავალმა პრემიერმა პირველივე პრესკონფერენციაზე ოპოზიციის ეს ილუზიაც დაამსხვრია და მათ ფუჭ იმედებს „ცივი წყალი გადაასხა”, როდესაც განაცხადა, რომ ის გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას, მეგობრობას და რომ მისი ინტერესი არ არის სხვა ქვეყნის შიდა პროცესებში ჩარევა.
„უნგრეთთან ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს, რაც ურთიერთსასარგებლო ინტერესებზეა დამყარებული და იმედია, ეს გაგრძელდება ახალი ხელისუფლების პირობებშიც. ამ ურთიერთობების დაზიანებისთვის სოციალურ მედიაში აგორებული კამპანიის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ საერთო ინტერესების საფუძველზე შევძლებთ ურთიერთობების, მეგობრობის და იმ სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელებას, რომელიც გვქონდა ამ პერიოდის განმავლობაში”, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
















