საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე პროცესები შეაფასა. დეპუტატის განცხადებით, აღნიშნული ძალა წარმოადგენს „პოლიტიკურ პირამიდას“, რომლის რღვევაც ამჟამად მიმდინარეობს.
მისი თქმით, ოპოზიციურ რიგებში არსებული დაპირისპირება და ახალი ალიანსების ფორმირება შიდა პოლიტიკურ პროცესებზე მეტად, საგარეო დავალებებს უკავშირდება.
„„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური პარტია არ არის, პოლიტიკური პირამიდაა, სადაც თავმოყრილები არიან თაღლითები, გამყიდველები, სამშობლოს მოღალატეები. ბოლო პერიოდში ამ პოლიტიკური პირამიდის რღვევა და მოშლა მიდის. მათი ხელმძღვანელები, რომლებიც ამ დანაშაულებრივი პირამიდის შემქმნელი იყვნენ, მათგან ზოგი კანონის წინაშე სასჯელს იხდის. ახლა პოლიტიკური პირამიდის რღვევის პროცესს და ერთმანეთზე რაღაცების გადაბრალება-გადმობრალებას ვაკვირდებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, ეს ერთი დიდი დაჯგუფებაა და მათ რიგებში დაპირისპირება, შეიძლება, მაცდური იყოს, რომ დასკვნები გამოვიტანოთ. მათი აწყობა გარე დაკვეთის შესაბამისად ხდება ხოლმე“, — განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ოპოზიციის მიერ შექმნილი გაერთიანებები თავიდანვე „მკვდარი ორგანიზაციებია“ და მათ მთავარ სამიზნეს არა ქართველი ხალხი, არამედ საერთაშორისო პარტნიორები წარმოადგენენ.
„ყოველ გაზაფხულზე ახალ ალიანსს აყალიბებენ. მათი ალიანსი შექმნის დღიდან მკვდარი ორგანიზაცია იყო. ეს თავიდანვე მოაზრებული იყო, რომ თითქოს რაღაც ახალი ხდებოდა, მაგრამ ვინც ამ ალიანსს სათავეში უდგას, მათთვის ყველაზე მთავარი გარე დავალებებია. მათი მთავარი სამიზნეა არა ქართველი ხალხი, არამედ საკუთარი უცხოელი პატრონები“, — აღნიშნა მახაშვილმა.














