ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე წარდგენილ რეზოლუციის პროექტს ეხმაურება. მახაშვილის შეფასებით, დოკუმენტი მიკერძოებულია, გონივრული შეფასების ფარგლებს სცდება და ყველაზე პასუხისმგებლიანი ნაბიჯი მისი სრულად უარყოფა იქნებოდა.
დეპუტატის განცხადებით, პროექტი ეუთო-ს პლატფორმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობაა, რაც ორგანიზაციის ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება:
„მსურს, გამოვეხმაურო ბატონი ჯო უილსონის მიერ წარდგენილ მიკერძოებული რეზოლუციის პროექტს, რომელიც ეუთოს მიმართ ნდობას უფრო აზიანებს, ვიდრე მისი პრინციპების დაცვას ემსახურება. დოკუმენტი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ უსაფუძვლო და დაუდასტურებელ ბრალდებებს იმეორებს. რეზოლუცია ასუსტებს საარჩევნო პროცესის მიმართ სანდოობას, რომლის დაცვის ვალდებულებასაც ეუთო ისახავს მიზნად და ეწინააღმდეგება არჩევნებში ეუთოს ჩაურევლობის პრინციპს“.
ლევან მახაშვილმა ასამბლეის დელეგატებს მოუწოდა, გადახედონ ეუთო-ს სხვა წევრ ქვეყნებში ჩატარებული ბოლო ათი არჩევნების სადამკვირვებლო ანგარიშებს და აღნიშნა, რომ საქართველოზე არათანაზომიერი ყურადღება მახვილდება არჩევნებიდან 2 წლის შემდეგაც კი. მისივე თქმით, ზოგიერთი დელეგატის „აკვიატებული დამოკიდებულება“ მხატვრულ ლიტერატურაში აღწერილ შეთქმულების თეორიებს მოგვაგონებს.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ აშშ-ში ბევრად მკაცრი კანონმდებლობა მოქმედებს, ვიდრე საქართველომ მიიღო, და იქვე ინტერესთა კონფლიქტზე მიანიშნა:
„ირონიულია, როდესაც ამერიკელი კონგრესმენი აკრიტიკებს სხვა ქვეყანას გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მიღებისთვის, მაშინ როდესაც მისივე ქვეყანაში მოქმედებს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ გაცილებით მკაცრი FARA-ს კანონი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სწორედ FARA-ს რეესტრში შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ყოფილი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ლობისტურ კომპანია Nelson Mullins-თან გაფორმებული კონტრაქტი, რომელიც, ასევე „სრულიად შემთხვევით” ბატონ ჯო ვილსონთანაც არის დაკავშირებული“.
პოლიტიკოსის დასკვნით, დოკუმენტს ფუნდამენტური შინაარსობრივი ნაკლოვანებები გასდევს, რომელთა გამოსწორებაც ცალკეული შესწორებებით შეუძლებელია, რის გამოც ასამბლეამ ის საერთოდ არ უნდა მიიღოს.















