საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განცხადება გააკეთა ელენე ხოშტარიასთავის მოსამართლის მიერ წელიწად-ნახევრით პატიმრობის მისჯასთან დაკავშირებით.
„მისგან ვერც შუშანიკს გამოძერწავენ და ვერც თინათინს. ყველამ, მათ შორის უცხოელებმა, რომლებიც განცხადებებს აკეთებენ, ხელისუფლებას კი არ უნდა მოუწოდონ, პირველ რიგში, ამ ადამიანს უნდა მოუწოდონ და სხვებსაც, ვინც პოლიტიკური ექსტრემიზმით არიან დაკავებული, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი მსგავსი ტიპის ძალადობრივი პოლიტიკური ექსტრემიზმისგან და პირიქით, ჩაერთონ კონსტრუქციულ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში“, – განაცხადა მახაშვილმა.
კითხვაზე, არის თუ არა ხოშტარიასთან დაკავშირებულ საკითხზე უცხოელი აქტორების განცხადებები გარე ჩარევა, ლევან მახაშვილმა განაცხადა:
„უკვე აღარ ვიცით, ეს საერთოდ რა არის და რა სტანდარტში ჯდება. ეს ჩარევაა და პირველი შემთხვევა არ არის. ყოფილა შემთხვევები, როდესაც არა მხოლოდ განცხადებებს აკეთებდნენ, არამედ უცხო ქვეყნის ელჩები პირდაპირ სასამართლო სხდომებს ესწრებოდნენ. ეს კი ყველანაირ სტანდარტს სცილდება, როგორი შეფასებაც არ უნდა გააკეთონ და როგორც არ უნდა გაამართლონ საკუთარი ქმედებები. საბოლოო ჯამში, ეს არის მცდელობა, ზეწოლა მოახდინონ მართლმსაჯულებაზე, რათა სხვა ტიპის განაჩენი დადგეს ან ამა თუ იმ ადამიანს აარიდონ პასუხისმგებლობა იმ კონკრეტული ქმედებებისთვის, რაც ჩაიდინა. ელენე ხოშტარია თავად აღიარებს, რომ ეს ქმედება პირდაპირ ეთერში ჩაიდინა და მომავალშიც იმავეს გაკეთებას აპირებს, თუ ამის შესაძლებლობა მიეცემა. ამიტომ საუბარი იმაზე, რამდენად სამართლიანი და პროპორციულია სასამართლოს გადაწყვეტილება, თავად ეს ადამიანი საკუთარი ქმედებების აღწერასა და გამართლებაში ამბობს, რომ დიახ, სასამართლოს გადაწყვეტილება ამ კონკრეტულ შემთხვევაში ისეთია, როგორიც არის“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

















