საკანონმდებლო ორგანოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ ინციდენტი გახარიას ჯგუფის მიერ წინასწარ იყო ორგანიზებული. მისი თქმით, როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა პირველად ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიგა ფარულავამ წამოიწყო.
ამასთან, მმართველი გუნდის წევრმა აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოკითხვაზე საგამოძიებო უწყებებს ის არ დაუბარებიათ.
„არა, არავის დავუბარებივარ. საზოგადოებასთან მინდა ბოდიში მოვიხადო იქიდან გამომდინარე, რომ ეს კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რაც გახარიას პარტიის მხრიდან შესრულდა და რაც შემდეგ ამ ყველაფერს მოჰყვა, არ იყო სასიამოვნო სანახავი. დაიწყო ყველაფერი გიგა ფარულავამ, ფიზიკური შეურაცხყოფაც და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მან დაიწყო… არჩილ გორდულაძეს ისეთ ბინძურ შეურაცხყოფას აყენებს, ძალიან რთული მოსათმენია. იქ წაქცეული კაციც არ ყოფილა… რაღაცა პროვოკაცია მოაწყვეს და ახლა ერთი კვირაა, დადიან და ტირიან ეთერებში“, — განაცხადა მაჭავარიანმა მედიასთან კომენტარისას.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას მოხდა. ოპოზიციური მხარის მტკიცებით, „ქართული ოცნების“ წევრები გახარიას პარტიის ორ დეპუტატს — გიგა ფარულავასა და გიორგი შარაშიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ტელეკომპანია „პირველების“ მიერ გადაღებული კადრების მიხედვით, აღნიშნულ ინციდენტში უმრავლესობის მხრიდან დეპუტატები: არჩილ გორდულაძე, ლაშა ტალახაძე, ლევან მაჭავარიანი, ირაკლი კირცხალია და ირაკლი ხელაძე მონაწილეობდნენ.















