ლევან კობიაშვილი – ისეთი შეცდომები, რაც ზუგდიდის სტადიონზე მოხდა, აზიანებს ქვეყნის იმიჯს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ზუგდიდში სტადიონის მშენებლობის დროს დაშვებულ ხარვეზებზე ისაუბრა. კობიაშვილის თქმით, მსგავს საკითხებს მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ.

„იცით, რომ საკმაოდ კრიტიკული ვიყავი ამ საკითხთან დაკავშირებით. ვრჩები იმავე პოზიციაზე. არ უნდა ხდებოდეს ის, რაც იქ მოხდა. ჩვენი რეკომენდაციები გაცემულია. მე, როგორც ვიცი, ხდება დაკორექტირება და შესაბამისად ალბათ გამოიყოფა თანხები, რომელიც საბოლოო ჯამში დაასრულებს ამ პროექტს. ჩემი თხოვნაა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მსგავს პროექტებს ახორციელებს, მეტი ყურადღება და პასუხისმგებლობა გამოიჩინონ. მსგავსი შეცდომები არა მარტო რეგიონს, არამედ აზიანებს ქვეყნის იმიჯს. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა ხდებოდეს“, – აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

ახალი სტადიონის მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოების პროექტირება გასული წლის ზაფხულში დასრულდა, თუმცა მერიას ტენდერი ამ დრომდე არ გამოუცხადებია.

პირველ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები კომპანია “დაგმა” განახორციელა. გასული წლის მარტში, როცა სტადიონს ფედერაციის პრეზიდენტი და ექსპერტები ეწვივნენ, მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდებოდა.

უფრო ადრე კი, ფეხბურთის ფედერაციამ სათამაშო მოედნის გარშემო ბეტონის კედლის დანგრევის რეკომენდაცია გასცა, რადგან კედლის არსებობის შემთხვევაში, სტადიონი უეფა-ს მესამე კატეგორიის სტანდარტებს არ დააკმაყოფილებდა.

პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიონი ლარია, სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 9 747 000 ლარი იყო გათვალისწინებული. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილმა სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის გამოძიებაზე კომენტარი გააკეთა
შემდეგი სტატიასოფელ ყარაფილასთან რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ორი პირი თავისუფალია