ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილის ვერსიას თავდაყირა აყენებს – ბესელია

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, სპორტის ყოფილი მინისტრის მიერ გუშინ, ფარულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

ბესელია ამბობს, რომ ლევან ყიფიანის მონათხრობმა “ომეგა ჯგუფის” ხელმძღვანელის ვერსია, ბიზნესზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით, თავდაყირა დააყენა.

ლევან ყიფიანმა ჩანაწერების ავთენტურობა დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა არ ხორციელდებოდა და ჩაწერა ოქუაშვილთან წინასწარი შეთანხმებით, ოქუაშვილისვე თხოვნით მოხდა.

ბესელიას თქმით, ახლა მით უფრო საჭირო ხდება საქმის გამოძიება და ოქუაშვილმა პირველი რაც უნდა გააკეთოს, არის გამოძიებასთან თანამშრომლობა.

„წინასწარი დასკვნის გაკეთება მხოლოდ სულსწრაფობაა, რეალობის დადგენას უშლის ხელს და ჩანს პოლიტიკური ინტერესი. თუკი საკითხს სწორად და სამართლებრივად მივუდგებით, მოთხოვნა უნდა იყოს ის, რომ გამოძიებამ იმუშაოს ობიექტურად და მას ამის შესაძლებლობა მიეცეს. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს ნამდვილია თუ გაყალბებული ჩანაწერები, ვის ეკუთვნის და რა მოხდა. ამ ყველაფრის გარეშე ყველა შეფასება არის სუბიექტური. ლევან ყიფიანის მიერ გაკეთებული განცხადება კიდევ უფრო მეტად ითხოვს გამოძიების სწრაფად ჩატარებას. პირადად მე, ფაქტად არავის ნათქვამს არ ვიღებ, მით უფრო ფაქტად არ ვიღებ ფარულ ჩანაწერებს, რომელიც არავინ არ იცის ვინ ჩაწერა, რეალურია თუ არა. მე იმ ადამიანების უფრო მიკვირს, ვინც ამას ფაქტად იღებს და დასკვნებს გაუგებარ ჩანაწერებზე აკეთებს“,- განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

ყიფიანმა, გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას ზაზა ოქუაშვილმა შესთავაზა აუდიოჩანაწერების გაკეთება, ვითომდა მიმდინარეობდა ზეწოლა, რათა ეს ჩანაწერები უცხოელი პარტნიორების დასარწმუნებლად გამოეყენებინა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერები წინასწარი სცენარით მიდიოდა, მედიაში რაც გავიდა, ის მაინც მონტაჟია.

banner
წინა სტატიაშიწამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგედევან ფოფხაძე : „ლევან ყიფიანი გაუგებრობაშია, უნდა ჩამოყალიბდეს, დამნაშავეა, ავანტურაში მონაწილეობდა, თუ კორუფციულ გარიგებაში“