„ლევან ხაბეიშვილს „ოცნების“ 4 დეპუტატის ცემა ბრალდება“-ინტერვიუ დიმიტრი ბიძინაშვილთან

24 იანვარს თბილისის საკრებულოში მომხდარმა ჩხუბმა დიდი რეზონანსი გამოიწვია. ფაფარაშლილი ქოცებიც კი აღშფოთდნენ იმის გამო, რომ „ოცნების“ 4 დეპუტატი ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდა. ჩხუბის პირველ დღეს მეოცნებეები ამაყად აცხადებდნენ, რომ ოპოზიციონერმა ის მიიღო რაც დაიმსახურა. თბილისის მერი კახა კალაძე, თავის წინამორბედ ნარმანიასთან ერთად ყველანაირად “აპრავებდა” ძალადობას. მომხდართან დაკავშირებით საქმეც აღიძრა და პროკურატურაში დაკითხვაზე ნაცემი ხაბეიშვილი დაიბარეს. ის დეპუტატები, რომლებიც 24 იანვარს ამაყად იძახდნენ საცემი იცემა, ახლა სხვა ნოტაზე ჭიკჭიკებენ და ამტკიცებენ ერთმა ოპოზიციონერმა “გვჟეპა” 4 კაციო.

მოძრაობა „შეცვალეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი დიმიტრი ბიძინაშვილი არ გამორიცხავს, რომ ოთხი უმწიკვლო მეოცნების ცემაზე ბრალი ნაცემ ხაბეიშვილს წაუყენონ. არასამთავრობოები და ოპოზიცია პირობას დებენ, რომ ამ საქმეს ასე არ დატოვებენ და ყველას გააგებინებენ, თუ როგორ უსწორდება „ოცნება“ პოლიტიკურ ოპონენტებს. 27 იანვარს მათ საკრებულოსთან აქციაც გამართეს. მიიტანეს ნაგვის ურნა და სცადეს საკრებულოს შენობაში მისი შეტანა. მათი მცდელობა ამ ჯერზე უშედოგოდ დასრულდა. ამის მიუხედავად დიმიტრი ბიძინაშვილი იმედს არ კარგავს, რომ მოძალადე ხელისუფლებას პოლიტიკურ სანაგვეზე გაუშვებენ.

რას აპირებს ოპოზიცია, დააკავებენ თუ არა ლევან ხაბეიშვილს, რას იმსახურებს თბილისის მერი და რისკენ უბიძგებს ის ხალხს? – ამის შესახებ დიმიტრი ბიძინაშვილი „თაიმერს“ ესაუბრება.

-24 იანვარს, როდესაც საკრებულოში ის ცნობილი ჩხუბი მოხდა,  „ოცნების“ წევრები ამაყად აცხადებდნენ, რომ ლევან ხაბეიშვილმა ის მიიღო რაც დაიმსახურა. ახლა ირაკლი ზარქუას თამადობით გამოდიან და ამბობენ, რომ ხაბეიშვილმა გალახა ისინი. იქნება თქვენ აგვიხსნათ რა მოქმედებაა, რა ვითარებაა?

– „ქართული ოცნების“ უტიფრობას საზღვარი აღარ აქვს და ყველაფერს კადრულობენ. მთელი მმართველი პარტია ცდილობს ისე წარმოაჩინოს საქმე, თითქოს ხაბეიშვილმა სცემა „ოცნების“ 4 დეპუტატი.  ამ ჩხუბის კადრები ტელევიზიით იხილა მთელმა საქართველომ. სადაც ნათლად ჩანს როგორ ურტყამენ კალაძის მონა-ზონდერები ლევანს. თავიდან ხელისუფლება არ უარყოფდა, რომ ოპოზიციის წარმომადგენელი გალახეს. ამას ამართლებდნენ კიდევაც. ახლა ისე წაიყვანეს საქმე, რომ შეიძლება იქეთ წაუყენონ ბრალი ხაბეიშვილს. პროკურატურაშიც ლევანს დაატარებენ.

რამდენიმე დღის წინ მონა-ზონდერი ირაკლი ზარქუა, რომელიც დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა აცხადებდა, რისი მცემელია ხაბეიშვილი ჩვენ ვცემეთო. ახლა კი ამტკიცებს მან გვცემა 4 კაციო. არ გამიკვირდება, რომ ლევანს ოთხი კაცის ცემაზე წარედგინოს ბრალი. სადაც უგულავას მსოფლიო ჩემპიონის ცემაზე წარედგინა ბრალი, იქ რა გასაკვირია ლევან 4 დეპუტატის ცემა დაუმტკიცონ.

– 4 დეპუტატის ცემის გამო ხაბეიშვილს პატიმრობაც ხომ არ ემუქრება?

– დაპატიმრებას ვერ გაბედავენ, მაგრამ შეეცდებიან ისეთი სურათი დახატონ თითქოს ამან ცემა 4 კაცი. მე გაგახსენებთ ბაკურიანში მომხდარ ინციდენტს. რომლის დროსაც პარლამენტის წევრ ანრი ოხანაშვილს შეურაცხყოფა მიაყენეს. მიუხედავად იმისა რომ ეს ინციდენტი გადაღებული არ არის და კარგად არ ვიცით იქ რა მოხდა, ოხანაშვილის შეურაცხმყოფელი ერთი კვირით გამოკეტეს ციხეში. ხაბეიშვილზე თავდამსხმელებს კი დაკითხვაზეც არ იბარებენ და ცდილობენ ისინი როგორც მსხვერპლი ისე წარმოგვიჩინონ.

ოხანაშვილი ვახსენე და აქვე მინდა დავაფქისირო, რომ მასთან დაკავშირებულ ინციდენტს ვგმობ. ეს ფაქტი იმ დღესაც დავგმე როცა მოხდა. ასე მოიქცა ოპოზიციის დიდი ნაწილი. რაც არ უნდა არ მოგვწონდეს ესა თუ ის პოლიტიკოსი, ძალადობა ჩვენთვის არის მიუღბელი. ოხანაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს გმობდა მმართველი პარტიაც, მაგრამ როგორც კი „ოცნების“ წევრები ოპოზიციის ლიდერს დაესხნენ თავს, ეგრევე თავდამსხმელების გამართლება დაიწყეს. თითქოს ლევანმა ისინი აიძულა ასე მოქცეულიყვნენ.

– სიმართლე გამხელილი ჯობია, ხაბეიშვილი მათ ძალიან უშლის ნერვებს?

– ლევანზე იმიტომ ეშლებათ ნერვები, რომ ის მათ ამხელს. საკრებულოში მომხდარ ჩხუბს წინ სკანდალი უძღოდა. ლევანმა „კავკასიის“ ეთერში გააჟღერა ინფორმაცია, რომ საკრებულოში დასაქმებული დამლაგებლები თვეში 196 ლარს იღებენ. მაშინ როცა საკრებულოს დეპუტატებს თვეში 5.000 ლარიანი ხელფასები აქვთ გამოწერილი. ამ ამბის გასაჯაროებამ „ოცნება“ ძალიან გააბრაზა და მათ ხაბეიშვილზე ანგარიშსწორება დაგეგმეს. დარწმუნებული ვარ, რომ ამაში თბილისის მერი კახა კალაძეც იყო ჩართული. ის ლევანის მიმართ თავის აგრესიას არასდროს მალავდა.

– ჩართული იყო თუ არა არ ვიცით, მაგრამ ძალადობა გააპრავა.

– კალაძის არგუმენტებიდან გამომდინარე, კალაძე მაგრად არის საცემი. მან ფაქტიურად ხალხს უთხრა, მცემეთო. ის ლევანს ხომ ზრდილობას უწუნებს და ამით ცდილობს იმ უმსგავსობის გამართლებას, რაც საკრებულოში მოხდა. ლევნმა თქვა „ოცნების“ წევრებზე ფარჩაკებიო და ახსნა რატომაც. როცა დამლაგებელს თვეში 196 ლარად ამუშავებ და თავად 5.000 გაქვს ხელფასი, კარგა შეფასებას არ იმსახურებ. სიტყვა ფარჩაკი არ მოეწონა თურმე კალაძეს. თავად გაცილებით ბევრი უზრდელობა აქვს ნათქვამი. ხაბეიშვილს დაემუქრა ნაძვის ხეზე დაგკიდებო, მერე ოპოზიციას უთხრა, მთაწმინდაზე გამოსაქანებელ ადგილს გიკეთებთო, მერე სიგრძე-სიგანე გეყოფათო. რომელი ერთი ჩამოვთვალო.

შარშან ნოემბერში მან პარლამენტის შენობასთან მყოფ ოპოზიციის აქტივისტებს შუა თითი უჩვენა. ამის გამო ჩვენ ის უნდა დაგვეჭირა და მაგრად გვეცემა. რაც მან ხაბეიშვილის ცემაზე ილაპარაკა, თავად იმსახურებდა ცემას. მაინტერესებს, კალაძე რომ გვეცემა, ექნებოდა თუ არა ხელისუფლებას რეაქცია? იმავე დღეს დაგვაკავებდნენ ყველას, ვინც მას ხელს დავაკარებდით. წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა ოპოზიციონერებს საკრებულოში „ოცნების“ წევრი რომ გაელახათ. ამაზეც დიდი ამბავი ატყდებოდა. ოპოზიციონერის ცემა კი ვითომ არაფერი. თავიდან ცემა გააპრავეს და ახლა იქეთ სდებენ ბრალს 4 კაცი სცემაო.

– ეს ცოტა გაუგებარია და რატომ შეცვალეს ჩვენება?

– იმიტომ რომ ხალხისგან დაინახეს უარყოფითი რეაქცია. ძალადობა ამ ქვეყანაში „ოცნების“ გარდა არავის მოსწონს. ამიტომ გადააქციეს მოძალადეები მსხვერპლად. ეს მათ აღარ უშველის მთელმა საქართველომ იცის სინამდვილეში რაც მოხდა. ოპოზიციონერზე ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსაც მიეწოდება. ეს საქმე ასე არ უნდა დავტოვოთ. ერთია რომ ძალადობენ და მეორეა, ნაცემ კაცს იქეთ ადებენ ხელს 4 კაცი გაგვლახაო. ასეთი საქციელი არც კაცურია, არც ქალური და არც ქურდული. ეს ქურდული რაღაცები მათ ძალიან უყვართ და ამიტომ ვახსენე.

კარგად ვხედავთ რომ ლევანის გამოყვანა უნდათ მოძალადედ, მაგრამ ეს მართვად არ გამოუვათ. სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია გაჩერებას არ აპირებს. 27 იანვარს ჩვენ საკრებულოსთან გავმართეთ აქცია. ასეთი აქციები კიდევ გაიმართება. „ქართულმა ოცნებამ“ იცოდეს, რომ ძალადობა აღარ გავა.

– ნაგვის ურნა რატომ მიიტანეთ საკრებულოსთან?

– ამით „ქართულ ოცნებას“ შევახსენეთ რომ ძალიან მალე მათ პოლიტიკურ სანაგვეზე გავუშვებთ. ძალიან გვინდოდა ეს ურნა საკრებულოს შენობაში შეგვეტანა, მაგრამ ამის უფლება არ მოგვცეს. ნაგვის ურნაზე გაკრული გვქონდა იმ მოძალადე დეპუტატების სურათები, როლებიც ოპოზიციის ერთერთ ლიდერს დაესხნენ თავს. მოვა დრო და ეს ადამიანები სხვა მოძალადეების მსგავსად, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან. ამ ხელისუფლების პირობებში ეს არ მოხდება. ამ ხელისუფლების პირობებში არც ქვეყნა განვითარდება. ამიტომაც ვიბრძვით ცვლილებებისთვის. მოღალატე და მოძალადე ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება.

რამდენიმე წუთის წინ, დავით აქუბარდიამ პირდაპირ ეთერში სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მას აქვს ინფორმაცია რომ ლევან ხაბეიშვილის ლიკივიდაცია იგეგმება. მან ბევრ კორუმპირებულს ჩაუშალა ტენდერებიო. მივმართავ ხელისუფლებას სასწრაფოდ დაიწყონ გამოძიება და დაკითხონ დავით აქუბარდია, ეს სახუმარო განცხადება არ არის.

 

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიმღვდელმონაზონი ანდრია (სარია): იაკობის ,,სხადნიაკის” წევრია ე.წ. ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია
შემდეგი სტატიადავით ზურაბიშვილი: საბჭოთა კავშირში ნომენკლატურული სასჯელის ერთ-ერთი ფორმა იყო მაღალი თანამდებობის პირის დიპლომატიურ სამსახურში გადაყვანა