ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან საგამოცდო ცენტრების კონდინციონერებით აღჭურვაზე ფული იფლანგება

ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან საგამოცდო ცენტრების კონდინციონერებით აღჭურვაზე ფული იფლანგება. მისი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის 29 ივნისის ბრძანების საფუძველზე, ეროვნულმა საგამოცდო ცენტრმა გამარტივებული შესყიდვის წესით ტენდერი გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც მათ 20 კალენდარულ დღეში, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 2 მილიონი ლარის ღირებულების კონდინციონერები უნდა შეისყიდონ.

„ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე გვითხრეს, რომ საგამოცდო ცენტრებში კონდინციონერების დამონტაჟება ვერ მოხერხდებოდა, რომ ხმაურიდან გამომდინარე ეს აბიტურიენტებისთვის კარგი არ იქნებოდა. თუმცა, ჩვენ ხელში ჩაგვივარდა დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი გამოიყო კონდინციონერების შესაძენად. ეს არის პრემიერის ბრძანება, რომელიც 29 ივნისით თარიღდება.
აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტის თანახმად კონდინციონერების შესაძენად 20 კალენდარული დღეა მითითებული, თუმცა გამოცდები დღეს დაიწყო და ამ ვადაში ფაქტობრივად დასრულებული იქნება. ანუ, დახარჯავენ 2 მილიონს, იყიდიან 900 კონდინციონერს, მაგრამ რისთვის გამოიყენებენ გაურკვეველია. ფაქტობრივად, ეს თანხა იფლანგება. მნიშვნელოვანია ამას პრემიერმა გასცეს პასუხი, რადგან სწორედ მისი ბრძანებით ხდება ამ კონდინციონერების შესყიდვა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი უმრავლესობის წევრებს – თქვენ ფაქტობრივად ადვოკატირებას უწევთ შსს-სა და პროკურატურას
შემდეგი სტატიამტკვარში 28 წლის მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს