,,თბილისის მერია 1,7 მლნ ლარს დახარჯავს იმ მომღერლებისთვის, ვინც ზურაბიშვილისთვის რამდენიმე კლიპი გადაიღო”

region
ავტ.: region დეკემბერი 26, 2018 17:00

,,თბილისის მერია 1,7 მლნ ლარს დახარჯავს იმ მომღერლებისთვის, ვინც ზურაბიშვილისთვის რამდენიმე კლიპი გადაიღო”

მოვუწოდებ თბილისის მერს, თბილისელებს კონკრეტული მომღერლებისთვის ხარკს ნუ გადაახდევინებს, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახლახანს მათ გაასაჯაროვეს ინფორმაცია, რომ თბილისში 2 მლნ ლარი ჯდებოდა საახალწლო ღონისძიებების ორგანიზება.

„ვგულისხმობ, მხოლოდ სცენითა და აპარატურით მომსახურებას, რაზეც დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ ეს სიცრუე იყო. კახა კალაძე აცხადებდა, რომ ერთ მილიონ ლარს დახარჯავდნენ ამ მიმართულებით. ამის შემდეგ, 20 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, დამატებით 1,7 მლნ ლარი გამოიყო, რათა ტენდერის გარეშე საახალწლო ღონისძიებებისთვის დაიხარჯოს. ასე, რომ როდესაც კახა კალაძე აცხადებდა, რომ 2 მლნ ლარი იყო ბევრი და ოპოზიცია ცრუობდა, ამ დოკუმენტაციით ირკვევა, რომ 2,7 მლნ ლარი დაიხარჯება საახალწლო ღონისძიებებისთვის”, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

ხაბეიშვილის თქმით, საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე მის მიერ დასმულ შეკითხვაზე კალაძემ განაცხადა, რომ მომღერალთა ჰონორარებისთვის 1,7 მლნ ლარი დაიხარჯება.

“საზოგადოებისთვის კარგად გასაგები რომ იყოს, მერია 1,7 მლნ ლარს დახარჯავს მხოლოდ მომღერლებისთვის, იმ მომღერლებისთვის, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილისთვის რამდენიმე კლიპი გადაიღეს და მათი უმრავლესობა „48“ -ის ძახილით იყო დაკავებული სხვადასხვა საარჩევნო კლიპში. ეს იმ დროს, როდესაც ათიათასობით ბავშვი შიმშილობს, მაშინ როდესაც, 1,7 მლნ ლარი კალაძის ბიუჯეტითაც კი, საკმარისი იქნებოდა 4 ათასი სოციალურად დაუცველისთვის, რომ წლიდან წლამდე გამოკვებონ. ამ დროს 1,7 მლნ ლარის გაფლანგვა პირდაპირ მნიშვნელობით იმ მომღერლებისთვის, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს უჭერდნენ მხარს და მხოლოდ ამის გამო, ახლა თბილისელებმა ხარკი უნდა გავიღოთ, მიგვაჩნია, არასერიოზულად და საბიუჯეტო სახსრების ფლანგვად,” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

region
ავტ.: region დეკემბერი 26, 2018 17:00