ლევან ხაბეიშვილი პატიმრობაში რჩება

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნანა შამათავამ მიიღო.

ხაბეიშვილის საქმეზე საგამოძიებო ვადა გახანგრძლივდა, რის გამოც, დღევანდელ სხდომაზე ხაბეიშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.

პროკურორი ბექა ხუნაშვილი სასამართლოში განმარტავდა, რომ არანაირი ახალი გარემოება არ არის წარმოდგენილი, რაც განგრძობადი პატიმრობის მიზანშეუწონლობაზე მიუთითებდა და აღკვეთის შეცვლის საფუძველი იქნებოდა.

ბექა ხუნაშვილის განმარტებით, პროკურატურა ითვალისწინებს დანაშაულის ხასიათს, სიმძიმეს, სპეციფიკას, ბრალდებულის დამოკიდებულებას დანაშაულებრივი ქმედების მიმართ.

სახელმწიფო ბრალმდებლის განმარტებით კი, რისკი იმისა, რომ ხაბეიშვილის მხრიდან მტკიცებულებების განადგურება, მოწმეებზე ზემოქმედება და მიმალვა მოხდებოდა, კვლავ არსებობდა.

აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა.

ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის განმარტებით, ხაბეიშვილის პატიმრობა თავიდან ბოლომდე პოლიტიკური და უკანონოა.

ადვოკატმა ვრცლად დაასაბუთა, თუ რატომ არ უნდა გამოეყენებინა ხაბეიშვილის მიმართ განგრძობადი პატიმრობა. მან სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაო და დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენება შესთავაზა, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

ვრცელი სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმა პოლიტიკოსმა.

„11 სექტემბრიდან დამაკავეს, აქციის მხარდამჭერი ვიყავი, ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობა იმ საქმის მასალებში, რა მასალებიც მოიტანეთ, აქციის სლოგანია. ვამბობდი, რომ მშვიდობიანი აქცია იქნება-მეთქი და რა გინდათ, მომედავოთ? დაკავებული ვიყავი და 4 ოქტომბერზე რა გავლენა უნდა მომეხდინა?

11 სექტემბრიდან დაკავებული ვარ, ჩემს სლოგანზე უკვე ვისაუბრე, აქციას მხარს ვუჭერდი, 11 სექტემბრიდან ბევრი რამ შეიცვალა, ტელევიზორში ვნახე, რომ აქცია თავისუფლების მოედანზე იყო, დიახ, მშვიდობიანი.

გავიდა ეს 4 ოქტომბერი. ალბათ, მოსამართლემ რომ მიიღოს გადაწყვეტილება, უხერხულადაც ვიგრძნობ თავს, გარეთ რომ ვიყო. უმძიმესია, ჯოჯოხეთია საკანში ყოფნა, მაგრამ ადამიანურად და მორალურად შეიძლება უფრო მეტი პრობლემა შემექმნას.

საუბარი იყო პროკურატურის მხრიდან თანამშრომლობა და მტკიცებულებითი ნაწილიო – სადმე უარვყავი ჩემი საჯარო განცხადებები? ეს სადაო არ გამიხდია, არც ერთ ვიდეო, რაც მოიტანეთ, არ უარმიყვია, რომ ჩემი ხმა არაა, ან რამე.

რისი აღიარება გინდათ? სადმე არის სიტყვა რომ არაკონსტიტუციურად, ძალადობრივად უნდა მოვიქცეთო, ვამბობდი?“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მას უპასუხა საქმის პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა, რომლის თქმითაც: „დამხობა მშვიდობიანობას არ მოიცავს”.

ცნობისთვის, ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.

banner
წინა სტატიაშილაშა ჯოხაძემ თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის პოსტი დატოვა
შემდეგი სტატიაგაანულეთ გადადებული საყიდლების სია: ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილით პირველად და დაიბრუნეთ 30% სითი მოლში