ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მზად არის “ნებისმიერ ფორმატში ითანამშრომლოს” მათთან, ვინც პარტია დატოვეს

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მზად არის “ნებისმიერ ფორმატში ითანამშრომლოს” მათთან, ვინც პარტია დატოვეს. ამ განცხადებით ფორმულას ეთერში ენმ-ის თავმჯდომარე ჭიათურის, ზუგდიდისა და ბათუმის საკრებულოს წევრების ნაწილის მიერ პარტიის დატოვებას გამოეხმაურა.

პარტიიდან წასულ წევრებს ლევან ხაბეიშვილმა წარმატება უსურვა “ოლიგარქთან ბრძოლაში და არა ნაციონალურ მოძრაობასთან ჭიდაობაში”.

“მინდა ყველას პატივისცემა დავუფიქსირო, მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს იღებენ, ეს მათი არჩევანია. ვწუხვარ, რომ ბათუმში მაგალითად გიორგი კირთაძე და მისი თანაგუნდელები, ჩვენდა სამწუხაროდ, 8-9 თვის განმავლობაში დაკავებულები იყვნენ ნაციონალური მოძრაობის რყევით, ეს ობიექტურად მგონი უფრო მალე უნდა ჰყოფნოდა ვიღაცებს ვაჟკაცობა, რომ თუ რამე არ მოსწონდათ, კონკრეტული გადაწყვეტილება მიეღოთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ ვითანამშრომლებთ, მინდა წარმატება ვუსურვო ოლიგარქთან ბრძოლაში და არა ნაციონალურ მოძრაობასთან ჭიდაობაში. მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში ვითანამშრომლოთ თუ მათ მოუნდებათ ხვალ, ზეგ.

მესმის მათი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ჭიათურას, ცოტა კომიკურია, მესამედ თუ მეოთხედ ტოვებენ 2023 წელს პარტიას უკვე, ეს ხომ სასაცილოა. ყოველ ორ თვეში ერთხელ ნიუსია, რომ ჭიათურის მელიას ხალხი ტოვებს პარტიას, როგორ შეიძლება სამჯერ დატოვო პარტია, ჩემთვის გაუგებარია.

მარტივ რამეს შევახსენებ საზოგადოებას, შემახსენეთ, ბოლოს ჭიათურის საკრებულოს წევრმა, როდის ისაუბრა ჭიათურის პრობლემებზე, როდის გაავრცელეს რამე განცხადება და როდის ისაუბრეს ჭიათურის მერის გადადგომაზე, მაგალითად. უხერხულია, მართლა გულწრფელად ვამბობ. […] მესმის, ვისაც უნდა წავიდეს და სხვა გზა ნახოს, ოღონდ კიდევ ვამბობ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია რუს ოლიგარქთან ბრძოლა, მზად ვართ ვითანამშრომლოთ, ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს და ვიბრძოლოთ. […] ჩვენთვის მნიშვნელოვანია რუსი ოლიგარქის დასრულება, რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა ფორმულას ეთერში.

ჟურნალისტმა ლევან ხაბეიშვილს მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებაზეც ჰკითხა. სააკაშვილმა დღეს თქვა, რომ “ენმ უფრო გაძლიერებული და წელში გამართული გამოვა ამ პროცესებიდან”. სააკაშვილის მსგავსად, ხაბეიშვილიც დარწმუნებულია, რომ ენმ “კიდევ უფრო გაიზრდება”.

გარდა ამისა, ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ აშშ-ში შეხვდა სენატორებსა და ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, რომელთანაც მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.

“ცხადია, ნაციონალურ მოძრაობას ერთი წელია კონკრეტული ჯგუფები ტალახს ესვრიან, ნაციონალური მოძრაობა იზრდება. IRI-ის კვლევა ნახეთ, წინა წლის ნოემბრის და ამ წლის. წინ ვართ რამდენიმე პროცენტით. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გავიზრდებით და კიდევ ვამბობ, რომ დღეს ვესაუბრებოდი ამერიკაში მათ შორის სენატორებს, ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს რაზე ვესაუბრე იცით, რომ დასავლელი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იყოს ციხეში პუტინის და პრორუსების საამებლად. მათ შორის, როცა საარჩევნო პროცესზე ვლაპარაკობთ, პროდასავლელი ლიდერი არ უნდა ისჯებოდეს ქვეყნის განვითარებისთვის და რეფორმებისთვის. ეს არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მაგალითად ჭიათურაში მეხუთედ რომ დატოვეს კონკრეტული ადამიანები პარტიიდან და როცა მეხუთედ წავიდნენ, ხუთი სიტყვა არ უთქვამთ ჭიათურელების პრობლემებზე”, – თქვა ხაბეიშვილმა.

ნაციონალური მოძრაობა დღეს ზუგდიდის საკრებულოს 14-მა წევრმა დატოვა – მათ შორისაა ფრაქციის თავმჯდომარე, აპარატის სამი თანამშრომელი და საკრებულოს რამდენიმე დეპუტატი.

პარტიის დატოვების შესახებ დღეს ჭიათურის საკრებულოს 5-მა წევრმაც განაცხადა.

გუშინ ნაციონალური მოძრაობა ბათუმის საკრებულოს წევრებმაც დატოვეს. ეს გადაწყვეტილება საკრებულოს 13-დან 7-მა წევრმა მიიღო.

banner
წინა სტატიაშიძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი: ქართველი მეომრები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, ქართულ ღირსებას წარმოადგენენ