ლევან იზორიამ და ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებს გიორგობა მიულოცეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავღანეთის სამშვიდობო მისიის მონაწილე ქართველ სამხედროებს გიორგობა მიულოცა. ლევან იზორიამ ბაგრამში, ქაბულსა და მაზარ-ი-შარიფში მყოფ ჯარისკაცებს თავდაცვის სამინისტროს მიმდინარე ოპერაციების ცენტრიდან ტელეხიდით მიმართა, ერთგული და საამაყო სამსახურისთვის მათ მადლობა გადაუხადა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

“გულითადად გილოცავთ დღევანდელ დღეს, წმინდა გიორგი იყოს თქვენი მფარველი! ყველაზე საპასუხისმგებლო მისიას თქვენ ასრულებთ დღეს და მინდა, ამისთვის დიდი მადლობა გითხრათ თავდაცვის სამინისტროს, მთავრობის, სრულიად საქართველოს სახელით. ჩემი ემოციაც მინდა გაგიზიაროთ, რომ ვამაყობ თქვენით! არ არსებობს არც ერთი შეხვედრა და საჯარო გამოსვლა, რომელზეც თქვენს ღვაწლს არ აღვნიშნავდე. ერთადერთი დიდი სურვილი რაც გვაქვს, ის არის, რომ მშვიდობიანად, უსაფრთხოდ ჩამობრძანდეთ, თქვენნაირი ვაჟკაცები ჩვენს ქვეყანას, პირველ რიგში, სამშობლოში სჭირდება”,- მიმართა თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს.
ტელეხიდის დროს თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია წარუდგინა და შეიარაღებულ ძალებში ახალი ტრადიციის დამკვიდრების – გენერალური შტაბის ახალი უფროსისთვის დროშის გადაბარების ცერემონიალის შესახებ უამბო. ლევან იზორია ავღანეთში მიმდინარე პროცესებითაც დაინტერესდა და არსებული გამოწვევებისა და ამოცანების შესახებ სამხედროებისგან ინფორმაცია მოისმინა.

ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებს გიორგობა მიულოცეს გენერალური შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმაც.

“წმინდა გიორგი იყოს თქვენი მეგზური იმ რთულ საქმეში, რომელშიც დღეს ხართ ჩაბმულნი. თქვენ საქართველოს სახელი გაგაქვთ საზღვრებს გარეთ. რომ არა თქვენი პროფესიონალიზმი და მაღალი წარმოჩინება, საქართველო, ალბათ, ვერ იქნებოდა მსოფლიოში ისეთი ცნობადი, როგორიც დღეს არის”, -აღნიშნა ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

ლელა ჩიქოვანმა კი, სამხედროებს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ოჯახებში უვნებლად და გამარჯვებით დაბრუნება უსურვა.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ავრცელებს.

banner
წინა სტატიაში“გზა ვარდების რევოლუციიდან დღემდე არ ყოფილა ადვილი”-“ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“ამ ხელისუფლების პოლიტპატიმრებზე ლაპარაკობდა, მინისტრი გახდა და ის ხალხი ისევ ციხეშია” – ხუხაშვილი ვიქტორ დოლიძეზე