ლევან იზორია: სახლის მშენებლობა დანაზოგით დავიწყე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 24, 2018 15:47

ლევან იზორია: სახლის მშენებლობა დანაზოგით დავიწყე

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცახდებით ერთ-ერთი სიცრუის ტელევიზია ცდილობს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის დისკრედიტაციით ქართულ შეიარაღებულ ძალებში დემორალიზება გამოიწვიოს. ამის შესახებ ლევან იზორიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა ერთ-ერთი სიცრუის ტელევიზია თავდაცვის უწყების წინააღმდეგ, რომლის მიზანია, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის დისკრედიტაციით ქართულ შეიარაღებულ ძალებში გამოიწვიოს დემორალიზება, შექმნას ნეგატიური განწყობა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც შეიარაღებული ძალები განხორციელებული რეფორმებითა და წარმატებებით არის საერთაშორისოდ აღიარებული, როგორც სამაგალითო სტრუქტურა. სწორედ ეს წარმატებები აღიზიანებს სიცრუის ტელევიზიას და განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში მათი თავდასხმები იძენს ამორალურ ხასიათს. გუშინ ინტერვიუს დროს სიცრუის ტელევიზიის ერთ-ერთმა მატყუარა ჟურნალისტმა ბრძანა, რომ თითქოს აღებული მაქვს კრედიტი 700 ათასი დოლარის ოდენობით, სინამდვილეში კი ჩემი საკრედიტო ვალდებულება შეადგენს 145 ათას დოლარს. ამასთან, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემი ოჯახის უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, მიწის ნაკვეთი შევიძინე, სახლის მშენებლობა ოჯახმა დაიწყო საჯარო სამსახურში ჩემი საქმიანობის დაწყებამდე, იმ დანაზოგებით, რომელიც დამიგროვდა აკადემიური საქმიანობის შედეგად 2007-2012 წლებში, როგორც საქართველოში, ისე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მოღვაწეობით. სახლის მშენებლობას 4 წელი დასჭირდა და ის წლებია გაქირავებულია. ამან მომცა კრედიტის აღების საფუძველი და საკრედიტო ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა. ამით კი ავაშენე სახლი, სადაც ამჟამად ვცხოვრობ. ეს ყველაფერი არის დეტალურად გაწერილი დეკლარაციაში, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომია, თუმცა დღევანდელი ბრიფინგის მთავარი მიზანია, მივაწოდო ინფორმაცია საზოგადოებას და განსაკუთრებით შეიარაღებული ძალების თითოეულ წარმომადგენელს, რომლის მიმართ ქართული ოცნების პოლიტიკურ გუნდს განსაკუთრებული მოკრძალება და პატივისცემა გააჩნია“. – განაცხადა მინისტრმა.

ლევან იზორიამ დეტალურად გასცა პასუხი ჟურნალისტების შეკითხვებს, რაც მის ქონებრივ დეკლარაციას შეეხო. „თუ დეკლარაციას წაიკითხავთ, იქ ნათლად წერია, რომ 2015 წელს გაქირავდა სახლი, რამაც საფუძველი მომცა სოლიდური კრედიტის აღების, რაც თქვენც ბრძანეთ, დამატებით მეც ავიღე კრედიტი, ანუ ოჯახის წევრებმა ავიღეთ კრედიტი და, შესაბამისად, ეს კრედიტი იძლევა შესაძლებლობას დამატებით იმ ქირიდან შემოსული შემოსავლით, რომელიც 2015 წლიდან 2016 წლამდე არის და ეს პერიოდი შეგიძლიათ დაიანგარიშოთ და გადათვალოთ, აბსოლუტურად საკმარისია სახლის აშენებისთვის იმ თანხის მოცულობით, რა თანხასაც ბრძანებთ. დღეს კი, კრედიტს ვიხდით, სწორედ, ქირიდან შემოსული შემოსავლით და, მათ შორის, სახელფასო უზრუნველყოფით და მეტიც, ოჯახს რჩება დაახლოებით 4000 ლარზე მეტი იმისთვის, რომ ნორმალურად იარსებოს. ჩვენ სხვა არავითარი მოძრავი ქონება ამ პერიოდში არ შეგვიძენია“, – განაცხადა მინისტრმა.

ლევან იზორიამ როგორც მოქალაქემ თხოვნით მიმართა ჟურნალისტებს, რომ მათ დაეცვათ ჟურნალისტური ეთიკა და ინფორმაციის გაშუქებისას, მოისმინონ ორივე მხარის ინფორმაცია და საზოგადოებას ობიექტურად მიაწოდონ ინფორმაცია.
„ერთადერთი თხოვნა მაქვს თქვენს მიმართ, როგორც მოქალაქეს, როგორც ადამიანს, რომელიც თქვენთან ერთად აშენებს დემოკრატიულ საზოგადოებას, რომ განსაკუთრებით დემოკრატია დამოკიდებულია ჟურნალისტური მუშაობის სტილზეც და არა მხოლოდ სახელმწიფოს სტრუქტურების მუშაობაზე. ჟურნალისტური ეთიკა კი ითხოვს, როგორც ერთი, ისე მეორე მხარის ინფორმაციის გაშუქებასაც, ჩვენ მრავალგზის გვქონდა მცდელობები განსაკუთრებით ერთ-ერთ ტელევიზიასთან, რომ ჩვენი არგუმენტაცია მიგვეწოდებინა ციფრებში, ყველანაირ დეტალებში, თუმცა ეს არ მოხდა და ეს არის სწორედ დემოკრატიის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი, დისკურსი, განსხვავებული აზრების ჭიდილი არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებობს, არა მხოლოდ საჯარო სტრუქტურების კრიტიკის თვალსაზრისით არსებობს, არამედ, ჟურნალისტური ეთიკის ფარგლებში არსებობს, სადაც თითოეულ აზრს, ინფორმაციას აქვს თანაბარი შესაძლებლობა, რათა საზოგადოებამ მიიღოს ეს ინფორმაცია. თითოეული ჩვენგანი ვართ საზოგადოების სამსახურში, ამიტომ ვალდებული ვართ, მათ შორის ჩვენ მიერ გაჟღერებული ინფორმაციაც ობიექტურად მივაწოდოთ საზოგადოებას, ეს არის ჩემი უმორჩილესი თხოვნა“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 24, 2018 15:47

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


20,165
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics