ლევან იოსელიანის განცხადებით, ოპოზიცია შეთანხმდა წერილის ტექსტზე, რომელსაც ევროკავშირის ხელმძღვანელობას ხვალ გაუგზავნიან

ოპოზიცია შევთანხმდით ტექსტზე, რომელსაც ვაპირებთ, ხვალ მოვაწეროთ ხელი და გავგზავნოთ ევროკავშირის ხელმძღვანელთან – ესაა ოპოზიციის თხოვნა და მზაობა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს ,- ამის შესახებ “მოქალაქეების” დეპუტატმა, ვიცე- სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია არის ერთსულოვანი, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ამ თვალსაზრისით „სკეპტიციზმი პარლამენტში არსებულ ოპოზიციურ პარტიებს, ჯგუფებს და დეპუტატებს შორის არ არსებობს”.

“ძალიან მნიშვნელოვანია ის ინფორმაცია, რომელიც მე მინდა მოგაწოდოთ, საბოლოოდ ოპოზიცია შევთანხმდით ტექსტზე, რომელსაც ვაპირებთ, რომ ხვალ მოვაწეროთ ხელი და გავგზავნოთ. ეს ტექსტი გულისხმობს ოპოზიციის თხოვნას და მზაობას, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რომ მოიხსნას ყველა კითხვის ნიშანი არის თუ არა ოპოზიციაში ვინმე, ვინც ხელს უშლის ამ კითხვარს, ვინც დადის სადღაც, რომელიღაც კორიდორში და საქართველოსთვის ასეთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობის ჩაშლას. ოპოზიციური პარტიები შევთანხმდით, რომ გავგზავნით ამ დოკუმენტს ევროკავშირის ხელმძღვანელთან, სადაც ვთხოვთ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ამ წერილში ასევე მზადყოფნას გამოვთქვამთ მივიღოთ მონაწილეობა ყველა რეფორმაში, ყველა დღის წესრიგში, რომელიც პრობლემების აღმოსაფხვრელად და იმ რეფორმების გასატარებლად იქნება მიმართული, რომელიც მათ შორის, იყო შარლ მიშელის დოკუმენტში და რომელზეც საუბარია დასვალელი მეგობრების ბევრ ანგარიშში. იმედი მაქვს, რომ ყველა ჩემი კოლეგის ხელმოწერა იქნება ამ დოკუმენტზე”, – განაცხადა იოსელიანმა.

რაც შეეხება წერილის შინაარს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს; ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენს; ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმადგენელს ჯოზეფ ბორელს საპარლამენტო ოპოზიციამ უნდა გაუგზავნოს, მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ამ კრიტიკულ დროში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პასუხი იქნება რუსეთისთვის, რომელსაც სურს ჩამოაშოროს ტრიოს ქვეყნები ევროპულ მომავალს.

წერილის თანახმად, ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვენ დადებითად იყოს განხილული კანდიდატის სტატუსის მინიჭება და მიუხედავად 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლისა, აცხადებენ მზადყოფნას, რომ მონაწილეობას მიიღებენ რეფორმების განხორციელებაში, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის

“საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც არის ჩვენი ხალხის ისტორიული და კულტურული არჩევანი. ევროპულ ოჯახში გაწევრიანება არის შესაძლებლობა ქვეყანაში დაცული იყოს კანონის უზენაესობა, ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, მედია თავისუფლება, საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.

არასოდეს დავივიწყებთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შვედეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ინიციტივით შექმნილ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას, რასაც მოყვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება და ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოს, უკრაინის და მოლდოვასთვის, რამაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობები გააჩინა ჩვენი ქვეყნებისთვის.

დღეს, როდესაც რუსეთი სამხედრო აგრესიით უპირისპირდება უკრაინის სუვერენიტეტს და ევროპული უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურას, როდესაც დასავლეთი ერთიანია რუსეთის რევიზონისტული პოლიტიკის წინააღმდეგ, საქართველო ის ერთადერთი პროდასავლური ქვეყანაა რეგიონში, რომელის 20% ოკუპირებულია და არ გააჩნია უსაფრთხოების გარანტიები.

მიგვაჩნია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია გაგრძელებაა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის სამხედრო აგრესიის.

ევროკავშირის მიერ ასოცირებული ტრიოს ქვეყნების – საქართველოს, უკრაინის, და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენთვის ამ კრიტიკულ დროში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პასუხი იქნება რუსეთისთვის, რომელსაც სურს დაყოს მსოფლიო გავლენის სფეროებად და ჩამოაშოროს ტრიოს ქვეყნები ევროპულ მომავალს.

მტკიცედ გვწამს, რომ რუსეთის სურვილი თავის ორბიტაზე დააბრუნოს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა და შეზღუდოს ჩვენი დემოკრატია და სუვერენიტეტი ვერ შედგება და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოგვცემს იმედს, ძალას და შესაძლებლობას ასრულდეს ჩვენი ერების ისტორიული ნება გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.

შესაბამისად, მიუხედავად რეფორმების გზაზე არსებული გამოწვევებისა და 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლისა, ხელისმომწერი საპარლამენტო ოპოზიციონერი დეპუტატები ვაცხადებთ მზადყოფნას, რომ მონაწილეობას მივიღებთ ყველა იმ რეფორმის განხორციელებაში, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის.

გთხოვთ, დადებითად განიხილოთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რაც იქნება დამატებითი გარღვევა და ბიძგი ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცების და რუსეთის გავლენისგან საქართველოს გათავისუფლების”, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც ევროკავშირის სტრუქტურების ხელმძღვანელობას ხვალ გადაეგზავნება.

banner
წინა სტატიაში„ოკუპირებულ აფხაზეთში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა უფლებრივი მდგომარეობის“ შესახებ სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა