29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

ლევან იოსელიანი პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობას გმობს და 2025 წლის საპარლამენტო ანგარიშის საგანგაშო მიგნებებს ასაჯაროებს

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი საჯარო წყაროებით გავრცელებულ იმ სკანდალურ კადრებს ეხმაურება, სადაც სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებული სასტიკი ძალადობაა ასახული. ომბუდსმენი მკაცრად გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებასა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებს.

გაზრდილი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა საზოგადოებას გააცნო სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ მომზადებული 2025 წლის საპარლამენტო ანგარიშის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები. ანგარიში ეფუძნება პოლიციის დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში განხორციელებულ 79 მონიტორინგის ვიზიტს, ასევე ბრალდებულებთან, მსჯავრდებულებსა და ადვოკატებთან ინტერვიუებს.

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საჯარო წყაროებით გავრცელებულ კადრებს სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებული ძალადობის თაობაზე და გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს.
ამასთან, გაზრდილი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველს სურს, საზოგადოებას მიაწოდოს მოკლე ინფორმაცია 2025 წლის საპარლამენტო ანგარიშში პოლიციის მხრიდან მოპყრობის კუთხით ძირითადი მიგნებებისა და რეკომენდაციების შესახებ, რომელიც სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებულ საქმიანობას ეფუძნება. 2025 წელს, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა 79 მონიტორინგის ვიზიტი განახორციელა პოლიციის დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ესაუბრა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს, ასევე ადვოკატებს, მოიპოვა და გააანალიზა სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი მონაცემები.

მონიტორინგის შედეგად, სპეციალური პრევენციული ჯგუფი ყოველწლიურად იღებს ინფორმაციას პოლიციის მხრიდან დაკავებულებზე ძალადობის შესახებ, როგორც დაკავებისას, ისე დაკავების შემდეგ, პოლიციის მანქანაში და ადმინისტრაციულ შენობებში. შენარჩუნებულია ასევე ტენდენცია, როდესაც დროებითი მოთავსების იზოლატორებში წარმოებულ სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად იდენტიფიცირებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა დაახლოებით ნახევარი უთითებს, რომ დაზიანება მიიღო უშუალოდ დაკავებისას ან/და დაკავების შემდეგ.

სახალხო დამცველი კვლავ იმეორებს, რომ წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის პრევენცია შეუძლებელია დაუსჯელობასთან ბრძოლისა და არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის ეფექტიანი გარანტიების გარეშე. სამწუხაროდ, ამ კუთხით გაცემული რეკომენდაციები წლების განმავლობაში შეუსრულებელია.
პატრულ ინსპექტორებსა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს მოქალაქეებთან ურთიერთობისას ვიდეოგადაღების ვალდებულება კვლავ არ აქვთ. ასევე არ არსებობს პოლიციის ავტომანქანებში დაკავებულთა ყოფნის ვიდეოგადაღებისა და გამოკითხვის პროცესის აუდიო-ვიდეო ჩაწერის ვალდებულება. პოლიციის სამმართველოებსა და დეპარტამენტებში კამერების რაოდენობა არსებითად არ გაზრდილა, ხოლო ცალკეულ სამმართველოებში კამერები საერთოდ არ არის განთავსებული.

2025 წელსაც გამოვლინდა ფორმალური პროცედურების გარეშე, პირების ფაქტობრივად დაკავების უკანონო პრაქტიკა. გარდა ამისა, ანგარიშში აღწერილია დაკავებულების უფლებებზე ინფორმირების და ადვოკატის ხელმისაწვდომობის პრობლემები, ასევე დოკუმენტაციის წარმოების, მათ შორის, პოლიციის მიერ ძალის გამოყენების დოკუმენტირების ხარვეზები.

სახალხო დამცველი კვლავ მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, დაუყოვნებლივ გადადგან ქმედითი ნაბიჯები საპარლამენტო ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესასრულებლად”, – წერია გავრცელებულ ინფრომაციაში. 

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: აი, რით უნდა იყოს ოპოზიცია დაკავებული, ზოგადი საუბრის ნაცვლად — ხალხი ყველგან მიტოვებულად გრძნობს თავს
შემდეგი სტატიაგიორგი ბურჯანაძე პოლიციაში მოქალაქეთა წამებაზე: შსს-ს მიხედვით, განყოფილებაში შეიძლება ადამიანები აწამონ და ეს არავინ გაიგოს?