ლევან იოსელიანი – ნიკა მელიას პიროვნულად ვიცნობ და ძალიან არ მემეტება ციხისთვის

ნიკა მელიას პიროვნულად ვიცნობ და ძალიან არ მემეტება ციხისთვის. ვისურვებდი, გირაო გადაიხადოს, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

ლევან იოსელიანს მიაჩნია, რომ ნიკა მელიას მიმართ წმნინდა პოლიტიკური ხასიათის ზეწოლა ხდება.

„ამ საქმეს 20 ივნისის კონტექსტში ვუყურებ. თქვენ იცით, რომ ბესიკ თამლიანის ადვოკატი ვიყავი, ამ საქმეების შინაარსა და მტკიცებულებებს ვიცნობ. პრაქტიკულად, ყველა საქმე ერთი და იგივეა. მტკიცებულებების თვალსაზრისით, ბესიკ თამლიანის საქმისგან მელიას საქმე არაფრით განსხვავდება. ეს საქმეები ვერ ამტკიცებს ამ ადამიანების ბრალეულობას, რაშიც ედავებიან.

„ნაციონალური მოძრაობის” მიმართ ჩემი მკვეთრად უარყოფითი დამოუკიდებულების მიუხედავად, ვთვლი, რომ ნიკა მელიას მიმართ ეს წმინდა პოლიტიკური ხასიათის ზეწოლაა. თუ პარლამენტში მისთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე საკითხი შემოვა, ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ, ეს არ გააკეთონ, რადგან არ იქნება სწორი. ნიკა მელიას ხილვას გარეთ ვისურვებდი, ვიდრე ციხეში. მირჩევნია, ის იყოს გარეთ და იმის კეთება გააგრძელოს, რასაც აკეთებს. მას პიროვნულად ვიცნობ და ძალიან არ მემეტება ციხისთვის. ვისურვებდი, გირაო გადაიხადოს, მაგრამ მისი გადასაწყვეტია. ეს ყველაფერი რომ პოლიტიკურად მოტივირებულია, ეჭვი არ მეპარება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა 5 თებერვალს მისცა.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს განცხადება – ოპერაცია “კანონიერი ქურდი” იტალიასა და საფრანგეთში
შემდეგი სტატიაგეგელია – ჩვენ არ გაგვაჩნია არავითარი ნდობა პარლმენტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით