ლევან იოსელიანი: დავიწყოთ ფუნდამენტური რეფორმა განათლებაში, რაც ჩვენს შვილებს გაუხსნის გზას და ისინი იამაყებენ საქართველოში მიღებული განათლებით

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ყურადღება ქვეყანაში განათლების მდგომარეობაზე გაამახვილა. „აქ ხშირად მოდიან მინისტრები, ვუსვამთ კითხვებს, ზოგს ვუხდით მადლობას, ალბათ ვიღაცას ეკუთვნის მადლობა, მაგრამ ნამდვილად ვისაც არ ეკუთვნის მადლობა ეს არის ის განათლების მინისტრი, რომელიც დღეს ჰყავს საქართველოს. არ ეკუთვნის მადლობა არც მის წინამორბედებს. აქ ვინმე ერთი მინისტრის პასუხისმგებლობაზე არ არის საუბარი, აქ არის ჩვენს დამოკიდებულებაზე განათლების მიმართ და იმაზე გვინდა თუ არა, რომ ჩვენ გვყავდეს განათლებული თაობა“, -განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მან განთლების სისტემის არაეფექტურობის საჩვენებლად სტატისტიკა გამოიყენა და აღნიშნა, რომ ეროვნულ გამოცდებზე უკვე 40 ათასზე მეტი ბავშვი დარეგისტრირდა და თითქმის ყველა მათგანის მშობლებს მათ მომზადებაში გადახდილი აქვს ფული. დეპუტატის თქმით, ეს მასწავლებელთა დაბალი კვალიფიკაციის გამო ხდება. „საქართველოში 9 ბავშვზე მოდის 1 მასწავლებელი, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. ბევრად უფრო ნაკლებია საფრანგეთში, იაპონიაში და სხვაგან. საკმაოდ დიდია განათლების სამინისტროს ბიუჯეტი, მაგრამ 2020-21 წელს დაახლოებით 10 მლნ დაიხარჯა მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და გადამზადებისთვის. ეს არის ძალიან ცოტა, ფაქტიურად სამინისტრო ფულს არ ხარჯავს, რომ მასწავლებლებმა მიიღონ ახალი უნარ-ჩვევები, ახალი ცოდნა და გადასცენ მოსწავლეებს“,-განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ლევან იოსელიანმა კოლეგებს მოუწოდა, რომ პარლამენტში დებატები სწორედ მსგავს თემებზე უნდა იმართებოდეს და განათლების მინისტრს განათლების სისტემაში კონკრეტული ნაბიჯები გადადგმისკენ მოუწოდა.

„მინდა მინისტრს მივმართო, რაღაც გრანდიოზულ მიზნებს ნუ დაისახავთ, ერთი მიზანი დაისახეთ, რომ მომავალ წელს უფრო ნაკლებ მშობელს მოუწიოს რეპეტიტორის დაქირავება და უფრო ნაკლებმა ბავშვმა გადაწყვიტოს წასვლა სხვა ქვეყანაში. აქ გადის ჩვენი ქვეყნის მომავალი“, -განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის ქმედებებს პასუხს გავცემთ – ზახაროვა რუსული ტელეარხების აკრძალვაზე
შემდეგი სტატიაარმაზ ახვლედიანი საპარლამენტო უმრავლესობას: არ გაგაჩნიათ საკმარისი პოლიტიკური ნება, რომ საქართველოში დაიწყოს დემოკრატიული რეფორმები