ლევან იოსელიანი – ჩემთვის დიდი პატივია, პირველად ვიჯდე სპიკერის სავარძელში და ვუძღვებოდე სხდომას

ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია, პირველად ვიჯდე ამ სავარძელში და ვუძღვებოდე სხდომას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მან საზოგადოებას რეფერენდუმის 30 წლისთავი და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე მიულოცა.

ამასთან, იოსელიანი იმედოვნებს, რომ სახელმწიფო სამომავლოდ საერთო წარმატების ასპარეზი იქნება.

„ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია, პირველად ვიჯდე ამ სავარძელში და ვუძღვებოდე სხდომას 31 მარტს, იმ დღეს, როდესაც საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი. იმ დღეს, როდესაც ამომრჩევლების ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს მოქალაქეების 99 პროცენტმა მხარი დაუჭირა ქართული სახელმწიფოს დაბადებას. ნამდვილად, 30 წლის წინ, ამ დღეს დაიბადა ქართული სახელმწიფო. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, რომელთა მონაწილეობითაც შეიქმნა ეს სახელმწიფო. სწორედ მათ ჩვენთან ერთად დაუჭირეს მხარი ქართული სახელმწიფოს შექმნას. მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ სახელმწიფო სამომავლოდ იქნება ჩვენი საერთო წარმატების ასპარეზი. ძალიან მნიშვნელოვანია და ვერ გავაცალკავებთ ერთმანეთისგან დღევანდელ დღეს და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას მონაწილეობას ამ დღესთან დაკავშირებით. რომ არა, ის და მერაბ კოსტავა, ეს დღე შეიძლება საერთოდ არ შემდგარიყო. რომ არა, ჩვენი დაპირისპირება, რომ არა, ის, რაც დღემდე გრძელდება, შეიძლება ზვიად გამსახურდია დღეს, აი, აქ, ჩვენთან ერთად მჯდარიყო. დღეს მას 82 წელი შეუსრულდებოდა. ყველა თქვენგანს, სრულად საქართველოს მინდა, მივულოცო რეფერენდუმის 30 წლისთავი და მივულოცო საქართველოს პირველ პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიმეგრელიშვილი – არ მომეცა შესაძლებლობა, ხელი მომეწერა დანიელსონის დოკუმენტისთვის
შემდეგი სტატიატიკარაძე – „მედკაპიტალის“ ექიმის გარდაცვალებასა და აცრას შორის კავშირი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის