საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ემი დიაზს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე და აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენლები, ჯოზეფ კაფერტი და ეკატერინე ფოფხაძე.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა და ძირითადი გამოწვევები განიხილეს.
„სახალხო დამცველმა ელჩის მოვალეობის შემსრულებელს აპარატის მანდატი და საქმიანობა გააცნო, ისაუბრა გამოკვეთილ გამოწვევებსა და მათ გადასაჭრელად შემუშავებულ რეკომენდაციებზე, რომლებიც პერიოდულად აისახება საპარლამენტო თუ სპეციალურ ანგარიშებში“, — აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს აშშ-ის საელჩოს მრავალწლიანი მხარდაჭერის მნიშვნელობას სახალხო დამცველის აპარატის ეფექტიანი საქმიანობისთვის და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს.
ემი დიაზი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას 2026 წლის ივლისიდან ასრულებს, შესაბამისად, ლევან იოსელიანთან გამართული შეხვედრა გაცნობით ხასიათსაც ატარებდა.














