ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის შეხვედრაზე „მოქალაქეები“ და „გირჩი“ არ მიიწვიეს

ახლა მიმდინარეობს ოპოზიციის შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან და ამაზე ცხადი მაგალითი, რომ მათთვის განსხვავებული აზრი არის მიუღებელი, მე ვერ წარმომიდგენია, როდესაც მაგალითად, ჩვენ და პარტია „გირჩი“ არ მიგვიწვიეს ამ შეხვედრაზე; იმიტომ, რომ მათ იციან, ჩვენ განსხვავებული ხედვა გვაქვს ამ ყველაფრის მიმართ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა „იმედს“ განუცხადა.

„ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, როგორ შეიძლება, არასამთავრობო სექტორი მოდიოდეს პარლამენტში, ხვდებოდეს ოპოზიციურ პარტიებს და ამ პარტიებში აკეთებდეს რანგირებას, ვისთან კომფორტულად გრძნობს ლაპარაკის დროს თავს და ვისთან არა. განსხვავებული მოსაზრებების მოსმენასთან აქვთ პრობლემა გამოდის. თუ ვინმეს არ მოსწონს, რასაც ვამბობ, დიალოგს კი არ უნდა გაექცეს, უნდა დაჯდეს და დამისაბუთოს თავისი პოზიციის მართებულობა. ვიღაცას თუ ხელისუფლების ცვლილება, ღარიბაშვილის გადაყენება უნდა, მაშინ კეთილი ინებოს, გადმოვიდეს პოლიტიკაში და მიიღოს ის ტვირთი, რაც პოლიტიკოსებს გვაქვს. ძალიან ბევრ დამსახურებულ კრიტიკას ვიღებ ჩემს თავზე, მაგრამ მაქვს თმენის ვალდებულება და ვიცი, როგორც პოლიტიკოსმა, ეს კრიტიკა უნდა მივიღო, ავიტანო და ყველაფერზე ხურდა არ უნდა დააბრუნო, მით უმეტეს მუშტებით და გინებით. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს არასამთავრობო სექტორის დიდ ნაწილთან, მაგრამ, როდესაც შენ არ გინდა, რომ შეხვდე იმ ადამიანებს, რომლებიც არ არიან შენს აზრზე, ეს არის ძალიან დასანანი და ბევრ რაღაცაზე მიუთითებს, მათ შორის ობიექტურობაზე იმ პროცესის მიმართ, რაც დღეს საქართველოში მიმდინარეობს“, – განაცხადა იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშისლავიანსკის დაბომბვის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა
შემდეგი სტატიაPLUS- ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებელი საინტერესო შეთავაზებებს და საჩუქრებს მიიღებს