ლევან გოფოძე – უნდა ვიფიქროთ, რომ ინფექცია დასასრულისკენ მიდის

უნდა ვიფიქროთ, რომ ინფექცია მიდის დასასრულისკენ, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა სინგაპურის ტექნოლოგიებისა და დიზაინის უნივერსიტეტის კვლევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას. აღნიშნული კვლევის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის პანდემია 97-პროცენტიანი ალბათობით 2020 წლის ივნისის დასაწყისში დასრულდება.

გოფოძემ მკვლევარების ვარაუდს ოპტიმისტური უწოდა და აღნიშნა, რომ ცხელებიანი პაციენტებს რაოდენობა იკლებს. ამასთან, გოფოძე ამ საკითხზე საკუთარი პროგნოზისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ პროგნოზებს ეპიდემიოლოგები აკეთებენ.

„ცხელებიანი პაციენტების რიცხვი იკლებს, რადგან მოგეხსენებათ, სეზონური გრიპის დროც გადის. რაც შეეხება ასეთ პროგნოზებს, ძალიან კარგია. ეს პროგნოზები არამარტო სინგაპურის, არამედ, სხვა
უნივერსიტეტებმაც დადეს და სხვადასხვა რიცხვები დასახელდა, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაშიც. მიმაჩნია, რომ ეს ოპტიმისტური განცხადებაა და კარგია თუ 6 ივნისისთვის დავამთავრებთ კორონავირუსთან ბრძოლას. ფაქტია, რომ უკანასკნელ ხანებში ასეთი ზრდა აღარ შეინიშნება, შემცირდა რაოდენობა განსაზღვრული კოვიდინფიცურებული პაციენტებისა და უკვე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც საგრძნობლად მატულობს, რაც ძალიან კარგია. ჩვენ მზად ვართ 26 მაისსაც დავამთავროთ კორონავირუსი ხომ? პროგნოზებს წინ გავუსწროთ და უფრო ადრე მოვრჩეთ, ყველანი უფრო ბედნიერები ვიქნებით. ეს არ არის კითხვა ჩემთან, ჩვენ ვართ ექიმები, რომლებიც ვმკურნალობთ პაციენტებს. ასეთ პროგნოზებს აკეთებენ ეპიდემიოლოგები“, – განაცხადა რესპუბლიკური კლინიკის ხელმძღვანელმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ფაქტია, რომ ყველა ქვეყანაში დაიწყო ამ მხრივ დაღმასვლა.

„მართალია იქ არ შეწყვეტილა ჯერ ახალი შემთხვევების მატება, ვთქვათ, ზოგ ქვეყანაში ზემოთ მიდის, მაგრამ სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი იკლებს ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც ლიდერობდა კოვიდინფექციაში. ასე რომ, უნდა ვიფიქროთ, რომ მაინც ინფექცია მიდის დასასრულისკენ, ხომ უნდა დასრულდეს ოდესმე ეს პანდემია“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

banner
წინა სტატიაშიფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი