ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის სესია პროტესტის ნიშნად დატოვა

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის სესია, სადაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ინტერპელაციის ფორმატში გამოდის, პროტესტის ნიშნად დატოვა.

დეპუტატის განცხადებით, პრემიერ-მინისტრთან გაცილებით მეტი კითხვაა დაგროვებული, ვიდრე პარლამენტის წევრები ინტერპელაციის ფორმატში დასმას შეძლებენ.

გოგიჩაიშვილის თქმით, თავად პრემიერ-მინისტრს უნდა უჩნდებოდეს სურვილი, დამატებით შეკითხვებს უპასუხოს.

„პრემიერ-მინისტრს თვითონ უნდა უჩნდებოდეს სურვილი, პასუხები გაგცეს საქართველოს პარლამენტში, რომელიც მარტო გოგიჩაიშვილი კი არ არის, ან გედი ფოფხაძე, არამედ არის ის ხალხი, რომლებმაც ჩვენ აგვირჩია. მე მქონდა კითხვები პრემიერთან, რომელმაც პირობა მისცა საზოგადოებას, რომ აზარტულ თამაშებზე რეგულაციებს შემოიტანდა, რატომ ვერ ბედავს ამის გაკეთებას. ასევე, პირობა მისცა საპატრიარქოს.

რატომ დანიშნა თანამდებობაზე ძალიან ცუდი რეპუტაციის მქონე ადამიანი, ეკონომიკის ახალ მინისტრს ვგულისხმობ, რომელიც ხშირად გვევლინებოდა ხოლმე „ნაციონალური მოძრაობის” ძალიან სერიოზულ შემომწირველად და ყოველთვის იყო იმ ადამიანების გავლენის ქვეშ, რომლებიც ახრჩობენ ქართულ ეკონომიკას, რატომ გაუშვა გიორგი ქობულია, რა ხდება დავით გარეჯთან დაკავშირებით, ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ პოლიციას არ შეუძლია, დააკავოს ადამიანები, რომლებმაც დაწვეს პოლიციის ბეტეერი, დაწვეს პოლიციური მანქანები, ჩაიდინეს უკანონობა, მერე თითი უქნიეს, აბა თუ ბიჭები ხართ და თუ დაგვიჭერთო. რა ხდება, რა სახელმწიფოს ვაშენებთ?! კანონს აქვს ამ ქვეყანაში პატივისცემა, თუ არა?! თუ სადღაც, პარტიის თავმჯდომარის მაგიდაზე წყდება, ამ ქვეყანაში როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები და ცხოვრება.

როდესაც ვხედავთ, რომ ვერ ბედავს პრემიერ-მინისტრი გასცეს კითხვებს პასუხები, ამ შემთხვევაში ჩვენს კითხვებს კი არა, ჩვენს ამომრჩეველს. მე რომ ვსვამ კითხვას, ლეგიტიმაცია მაქვს საბურთალოდან. ყველა ადამიანის კითხვას ვსვამდით და ეს შედეგი მივიღეთ – ტაშის კვრა, ბედნიერი სახეები. გუშინ ისედაც ისაუბრეს, შეკრებილები იყვნენ და გეგმავდნენ დღევანდელ ინტერპელაციას. ეს იყო ჩემი პროტესტის მიზეზი და ამ ამბის გამო დავტოვე სხდომა”, – განაცხადა ლევან გოგოჩაიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმე აქ ლაყაფისთვის არ ვზივარ, “კროსია” თუ რა არის? – ირმა ინაშვილი პრემიერს ურჩევს დღის წესრიგს გადახედოს
შემდეგი სტატიავფიქრობ, ადგილი აქვს სრულიად გამიზნულ საბოტაჟის მცდელობას ანაკლიის პორტის წინააღმდეგ – სალომე სამადაშვილი